ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოვდა
26 ივლისი, 2018

„ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა და ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის.

კომპლექსის გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი,  რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა.

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ გაფართოების პროექტის მეორე ფაზის საინვესტიციო მოცულობა 5,4 მლნ აშშ დოლარია.

„საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, განახლებული ლოპოტას ტურისტული კომპლექსი უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს და რეგიონის შემოსავლებსა და ადგილობრივების დასაქმებაზე დადებითად აისახება. „საპარტნიორო ფონდისთვის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მიხარია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გუნდმა კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანას ექნება გაცილებით უფრო მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ლოკაცია, რომელიც უცხოელი დამსვენებლების მოზიდვის გარდა, ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ლოპოტას ტბა ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ სათევზაო ადგილი გახლდათ და საქართველოს ტურისტულ რუკაზე მონიშნულიც არ იყო.  დღეს კახეთის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს პროცესი ჯანსაღ კონკურენციას იწვევს. შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ სასტუმროს განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით“,  - განაცხადა „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გიორგი მაისურაძემ.

კახეთში  უმაღლესი კლასის სასტუმროს „ლოპოტა სპა რეზორტის“ სამშენებლო სამუშაოები კომპანია „სი აი სი"-მ (CIC) შეასრულა, მშენებლობას ზედამხედველობა კომპანია Colliers-მა გაუწია, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრმა" იმუშავა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 7 მილიონი „თი-ბი-სი“ ბანკის თანამონაწილეობაა.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს სპა ცენტრი, კახური რესტორანი, ღვინის რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ღია ბუნგალოები, გრილ კუთხე, All Day Dining რესტორანი, რუსული აბანო, ღამის კლუბი, საჯინიბო და სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები. სასტუმრო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 250 ადამიანი, საიდანაც 180 ადგილობრივი კადრია.

www.travelingeorgia.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.