ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Krebuli-ს დამფუძნებელი თამუნა თოფურიძე მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმროს ჯავშნები უკვე მიღებული აქვს, თუმცა, ეს მხოლოდ მთლიანი სასტუმროს 40%-ს შეადგენს.
თოფურიძე იმედოვნებს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და გააქტიურდება როგორც შიდა,ისე საერთაშორისო ტურიზმი.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ტურისტი საკმაოდ მონატრებულია საზღვარგარეთ მოგზაურობას, შესაბამისად, შიდა ტურიზმი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა.
როგორც თოფურიძე აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. შესაბამისად, Krebuli-ს მშენებლობა დაიწყო პანდემიის პერიოდში და ამავე პერიოდს დაემთხვა მისი გახსნაც.
როგორც თოფურიძე აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში ახლადგახსნილმა სასტუმრომ ძირითადად, შიდა ტურიზმზე იმუშავა. რაც შეეხება პოსტოპანდემიურ პერიოდს, აქტივობა შედარებით გაიზარდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა სასტუმროს მუშაობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
„ყაზბეგისთვის ზაფხული მაღალი აქტივობის პერიოდია ტურიზმის თვალსაზრისით. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ჯავშნები გაუქმდა. ძალიან ბევრი ჯავშანი იყო, ზაფხულის თითქმის პირველი ორი თვე დაჯავშნილი იყო როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ისე უკრაინიდან. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარების გამო ჯავშნების ნახევარზე მეტი გაუქმდა,“-აცხადებს თოფურიძე.
business-partner.ge