თელავში, სასტუმრო „კვირია“ ამერიკიდან საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა წყვილმა მაია ჭინჭარაულმა და ალექსანდრე მელაშვილმა ორი თვის წინ სატესტო რეჟიმში აამოქმედა. სასტუმროს მფლობელები ამბობენ, რომ მიუხედავად არსებული პანდემიური ვითარებისა, „კვირიას“ მიმართ უკვე დიდი ინტერესი გაჩნდა.
დამფუძნებლები ახალ ბიზნესთან დაკავშირებით ერთ კითხვას სვამენ - „ვინ ვართ ჩვენ და რას ვთავაზობთ მომხმარებელს?“. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კი „კვირიას“ თანადამფუძნებელმა მაია ჭინჭარაულმა BM.GE-სთან საუბრისას შეეცადა.
ამერიკაში მიტოვებული 17 წლიანი კარიერა, ქართულ ფესვებს დაბრუნებული ოჯახი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ბიზნესი, ქართული ტრადიციული ნოტები, ბევრი ფიქრი, შრომა, პირადი გამოცდილება და ადამიანური რესურსი სასტუმროს მოწყობის ნაწილში და 750 000 დოლარის ინვესტიცია - ყოველივე ეს ბუტიკური სასტუმრო „კვირიას“ უკან დგას.
როგორც მაია ჭინჭარაული ყვება ამერიკიდან საქართველოში 2015 წელს მხოლოდ ერთი წლით ჩამოვიდნენ, რათა შვილებს ქართული ენა არ დაევიწყებინათ და სწორედ მაშინ დაიწყეს კახეთში, თელავში, მამა-პაპისეულ მიწაზე მდებარე პატარა საზაფხულო სახლის განახლება. გეგმა მალევე შეცვალეს და გადაწყვიტეს ამ ადგილზე ბუტიკური სასტუმრო აეშენებინათ, სადაც ქართული ტრადიციები და უმაღლესი ამერიკული სტანდარტის სერვისი იდეალურად იქნებოდა შერწყმული. მათ პარტნიორად და დღეს კი უკვე სასტუმროს მმართველის თანამდებობაზე თინა მახათაძე დანიშნეს, რომელიც სასტუმროს გარდა საფირმო ღვინის წარმოებასაც განაგებს. ნატურალურად დაყენებული ღვინო „მათისი“ ამ ეტაპზე ექსკლუზიურად მხოლოდ სასტუმროში იყიდება. ქართული სტუმართმოყვარეობის დიდმა სურვილმა, ოჯახს საქართველოში დარჩენა სამუდამოდ გადააწყვეტინა, თან ისე, რომ კარიერასაც არ მოსწყვიტა და დღეს ოჯახი პროფესიულ საქმიანობას აშშ-ში საქართველოდან დისტანციურად აგრძელებს.
„ჩამოსვლისას რა საქმეს წამოვიწყებდით აქ, არ ვიცოდით, თუმცა ყოველთვის გვინდოდა ისეთი საქმიანობა, სადაც ადგილობრივებს დავასაქმებდით. ვფიქრობდით, რომ აქ მამაპაპისეულ სახლს განვაახლებდით, სადაც სტუმრებსაც მივიღებდით, თუმცა იდეას შეემატა ვერანდა, საუნა, ღია აუზი, საზაფხულო ბარი, საკონფერენციო სივრცე, რესტორანი, ღვინის ბარი, მარანი, მცირე ვენახი, ღვინის წარმოება და სულ მალე მივიღეთ 14-ნომრიანი სასტუმრო. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ისეთი სასტუმროს აშენება იყო, რომელიც მცირე ჯგუფებზე იქნებოდა გათვლილი, სადაც ისინი ერთ სივრცეში სხვადასხვა სერვისის მიღებას ხარისხიანად და ლოგიკურ ფასად შეძლებდნენ“, - ამბობს მაია ჭინჭარაული.
850 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ოთხსართულიანი სასტუმრო „კვირია“ დღეისთვის დამსვენებელს 14 ნომერს სთავაზობს, საიდანაც 11 სტანდარტულია, ერთი - საოჯახო, ერთი - ლუქსი და ერთიც შშმ პირზე მორგებული. მაია ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ მათ ამერიკაში მიღებული ცოდნა საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის გამოიყენეს. შედეგად „კვირიამ“ 15 ადგილობრივიც დაასაქმა.
„სასტუმრო თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებითა აღჭურვილი და კამერები იქნება, აუდიო, გათბობა-გაგრილების სისტემა თუ სინათლე, ტელეფონით იმართება. სასტუმროს ელექტრო საინჟინრო სამუშაოები ჩემმა მეუღლემ გამართა. ის აშშ-ში ელექტროინჟინრის პოზიციაზე სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში მუშაობდა და შესაბამისად, პროფესიული გამოცდილება სასტუმროში გამოიყენა. სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას იყენებს და მზის ბატარეებითაა აღჭურვილი; ასევე გვყავს ეკომეგობრული ტრანსპორტი - სკუტერები, რომლით სარგებლობაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ. გვაქვს დაბურღული წყალი, რომელიც მარანშია მოქცეული“, - აღწერს „კვირიას“ დამფუძნებელი.
დღეს სასტუმროში განთავსების ღირებულება ორ ადამიანზე 150 ლარს შეადგენს, მაია ჭინჭარაული ამბობს, რომ ფასი პანდემიის გავლენით შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარეობს, რადგან მათ გაცილებით მაღალი სერვისი აქვთ და ფასიც, მომავალში შესაბამისად დარეგულირდება.
„სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ადგილობრივებზე ვმუშაობთ. რეგიონებში უცხოელი სტუმრები ახლახანს გამოჩნდნენ და ჩვენც მხოლოდ რამდენიმეს ვუმასპინძლეთ, თუმცა ჯავშნების მიღება არაადგილობრივი სეგმენტიდან აქტიურად ძირითადად სექტემბრიდან შემოდის. იმედია, რომ შემოდგომაზე ბევრი ტურისტი გვესტუმრება, რადგან ეს არა მარტო ჩვენთვის, უპირველესად საქართველოს ეკონომიკისთვის უკვე პოზიტიური მანიშნებელი იქნება“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.
მაია ჭინჭარაული სასტუმროს ოპერირების მოლოდინებს დადებითად აფასებს და შემოდგომამდე რამდენიმე საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებასაც გეგმავს.
bm.ge