ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ლომსია" მაის-ტურიზმის განვითარებას მიმდინარე წლის ოქტომბიდან დაიწყებს. შპს „ველაჯიოს" მფლობელობაში არსებული სასტუმროს ხელმძღვანელი ამირან ქიმერიძე „კომერსანტთან" საუბარისას აცხადებს, რომ კომპანიას აღნიშნული საინვესტიციო პროექტის დაწყება გაცილებით ადრე უნდოდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა აქტიური სეზონია, ინფრასტრუქტურულ სამუშოების დაწყებას შემოდგომისთვის გეგმავს.
„სამუშოები მოითხოვს სასტუმროს რამდენიმე დღით გაჩერებას, რაც ტურისტული სეზონის პიკზე არ გვაწყობს"-აცხადებს ქიმერიძე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასტუმროს გაფართოება და საკონფერენციო დარბაზის და სპა ცენტრის დამატება. გეგმაშია გამოიყოს მცირე დარბაზი სპა ცენტრისთვის და აშენდეს 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. ქიმერიძე აცხადებს, რომ ეს ჯერჯეობით იდეაა, გასაკეთებელია პროექტი, რომლის შემდეგაც დაითვლება პროექტის ბიუჯეტიც.
ქიმერიძე აცხადებს, რომ შპს „ველაჯიოს" მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ლომსიაში" გასული წლის ანალოგიურ პერიოდისგან განსხვავებით, ტურისტული ნაკადი არც გაზრდილა და არ შემცირებულა. ამის მიზეზი კი მიმდინარე სეზონზე არსებული ცუდი ამინდებია.„ლომსიას" ხელმძღვანელი იმედოვენებს, რომ წელს ტურისტების ნაკადი გაიზრდება. მისივე განმარტებით, აგვისტო-სექტემბრის პერიოდზე ევროპის ქვეყნებიდან ჯავშნები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა.
„ვისოლ ჯგუფში" არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ 2014 წელს საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმრო გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის" შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო" გადაეცა. ახალციხეში სასტუმრო „ლომსია" „ვისოლ ჯგუფმა" 2012 წლის აგვისტოში გახსნა. სასტუმროს მშენებლობისათვის „ვისოლ ჯგუფმა" რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
„ლომსიაში" 63 ნომერია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge