ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო რაჭაში, რომლის მშენებლობაც პანდემიის გამო გადაიდო
16 ოქტომბერი, 2020

შპს „ხვანჭკარის ღვინის მარანი“ სასტუმროს აშენებას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. როგორც ღვინის მარნის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ BM.GE-ს უთხრა, 10-ნომრიანი სასტუმრო სოფელ ხვანჭკარაში უნდა აშენებულიყო.

„პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები არ შეგვქმნია, თუმცა ვგეგმავდით სასტუმროს გახსნას, რაც რაჭის ტურისტულ განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ იძულებული გავხდით პროექტი შეგვეჩერებინა. 10-ნომრიანი სასტუმროს გახსნა გვინდოდა სოფელ ხვანჭკარაში, ჩვენი მარნის ტერიტორიაზე, მაგრამ ტურისტების არყოფნის და პანდემიის გამო, გეგმები დავაკორექტირეთ. როგორც კი ყველაფერი აღდგება და მინიმუმ 2019 წლის მონაცემებს დავუბრუნდებით, სასტუმროს პროექტსაც განვახორციელებთ“, – აღნიშნა ჭანტურიამ.

ამასთან, ღვინის მარნის დირექტორი ამბობს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამებით ჯერ არ სარგებლობს, თუმცა დაგეგმილი აქვს ჩაერთოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმ კომპონენტში, რომელიც სტუმარ-მასპინძლობას ეხება, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის დეტალებია ცნობილი; დანარჩენი ინფორმაცია, მათ შორის საინვესტიციო ღირებულება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასტუმროს მშენებლობას დაიწყებენ.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.