„როიალ ბატონის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ხეთერელი სასტუმროს სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორს“ ესაუბრა. მისი განცხადებით, სასტუმროს განახლებაზე მუშაობა დაწყებულია.
„ამ ეტაპზე არქიტექტურულ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც მზად თებერვლის თვეში იქნება. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორცილდება და მისი ღირებულება დააახლოებით 1 000 000 დოლარი იქნება. ახალი შენობის დამატებას არ ვაპირებთ. არსებული შენობა განახლდება და ციხესიმაგრის კონცეფცია უფრო ეკო სასტუმროს სტილში გადაინაცვლებს. გვექნება ჩვენი მეურნეობები, გაიზრდება ნომრების რაოდენობა. როგორც იცით, გგვაქვს ღია აუზი, თუმცა, აუცილებლად დავამატებთ დახურულსაც, რომ მომხმარებელმა ამ სერვისით ყველა სეზონზე ისარგებლოს.“– აღნიშნავს ლაშა ხეთერელი.
„როიალ ბატონი“ თბილისიდან 146 კილომეტრში, კახეთში მდებარეობს. ამ ეტაპზე სასტუმროში 30 ნომერი, ღია აუზი, ტერასა და სხვა სივრცეებია განთავსებული. სასტუმრო ილიას ტბასა და მთებს შორისაა მოქცეული, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით.
„რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ სასტუმროს ტერასაზე, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.ამის გამო როგორც ჩვენი, ასევე გარშემო არსებული სასტუმროები და „გესთ ჰაუსები“ მთლიანად დაჯავშნილი იყო . ვაპირებთ, გავაგრძელოთ ამის კეთება და ეს მიმართულება შევინარჩუნოთ, გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი ივენთები, რომელიც ყვარლის და ზოგადად კახეთის გამოცოცხლებაზე მეტყველებს. ახალ წელს მოკრძალებულ ღონისძიებას ვგეგმავთ ჩვენი დამსვენებლისთვის.“– აღნიშნავს ლაშა ხეთერელი.
business-partner.ge