2017 წლიდან დღემდე, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ღვინის სასახლე“, (მისამართი: საბურთალო, ბიძინა კვერნაძის ქუჩა 31), ქართული ინტერიერით, კეთილგანწყობილი პერსონალითა და საკუთარი მარანის წყალობით გახსნიდან მალევე მოექცა უცხოელი ვიზიტორების ყურადღების ქვეშ.
ევროპული სტანდარტების შესაბამის სასტუმროში, 33 ნომერია, როგორც სტანდარტული, ასევე ლუქსი. მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებულ ინტერიერში კედლები მთლიანად ხელით არის მოხატული. სასტუმრო უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. საკონფერენციო დარბაზი 70 კაცს იტევს, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო საოფისე ტექნიკით. ქართულ-ევროპული კერძები სტუმრების გემოვნების გათვალისწინებით მზადდება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სასტუმროს ყველასგან გამორჩეულ ხიბლს სძენს - მარანია, სადაც ქართული ღვინის მრავალი სახეობაა დაცული. აქვე ტურისტებისთვის ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია ეწყობა. სასტუმროს ჰყავს თავის გიდებიც და სურვილის შემთხვევაში, მათი თანხლებით შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა. სხვადასხვა დროს არაერთი მკაცრი რეგულაცია დაწესდა. ჭირდა ერთი ქვეყნიდან მეორეში როგორც საქმიანი ვიზიტები, ისე მოგზაურობა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების ნაკადის შემცირება გამოიწვია. მას შემდეგ რაც მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო, ტესტირებამ მასიური ხასიათი მიიღო, ძალაში შევიდა „მწვანე პასპორტების“ სისტემა და ა.შ., ბოლო 6 თვის მანძილზე ვითარება შედარებით გამოსწორდა. ამ ეტაპზე რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ვიზიტების თვალსაზრისით, „ღვინის სასახლის“ დირექტორი გიორგი ჩხაიძე, საკუთარი სასტუმროს მაგალითიდან გამომდინარე გვესაუბრა.
- გასულ 2 წელთან და ბოლო რამდენიმე თვესთან შედარებით, 2022 წელი უკეთ დაიწყო. ჩვენი ძირითადი სტუმრები ისრაელიდან ჩამოვიდნენ და მომავალშიც აპირებენ დედაქალაქში ჩამოსვლას. მინსკის რეისით მოფრინავენ რუსები. მათ უყვართ ჩვენი ქვეყანა, კულტურა და ქართული ღვინო. ხშირად აღვნიშნავ და ახლაც გავიმეორებ, თუ რუსეთის სახელმწიფომ საზღვრები გახსნა და თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის უფლება მისცა, მაშინ სასტუმროები 100%-ით დაიტვირთება. მეგობრები, კოლეგები მიკავშირდებიან და დიდ გულისტკივილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. აქ საუბარია ძალიან ბევრ ადამიანზე, რომლებსაც ოჯახებთან ერთად სურთ ჩვენ ქვეყანაში ვიზიტი. თუ ეს მიდგომა შეიცვალა. არამხოლოდ თბილისის სასტუმროებს, არამედ რეგიონებსაც წაადგება და უამრავი ადამიანი დასაქმდება.
- პანდემიამდე თქვენი სასტუმროს მარანი დიდი პოპილარობით სარგებლობა. ახლა თუ არის აღდგენილი მისი ფუნქციონირება და ასევე ის მასტერკლასები, რომელიც თქვენი სასტუმროს სტუმრებისთვის ქართული კერძების საკუთარი ხელით მომზადებას გულისხმობს?
- დიახ, ამ ეტაპზე ჩვენ მარანში მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ იმართება, ასევე ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია. ყველაფერი კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება მომავალშიც. იმედი მაქვს 2022 წელი წინა წლებთან შედარებით უკეთესი იქნება, როგორც ტურიზმის დარგისთვის, ისე ყველა მიმართულებით. ადრე თუ გვიან, კორონავირუსის პანდემიას დავასრულებთ და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
- ამ ეტაპზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. კონკურსსი მონაწილეობას გეგმავდით, ახლაც გაქვთ ამის სურვილი?
- რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა ხელმძღვანელობდეს ტურიზმის სექტორში კარგად ჩახედული, გამოცდილი კადრი, რომელსაც გული შესტკივა თავისი ქვეყნის ბედზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია ტურიზმის ადმინისტრაციის პროფესიონალებით დაკომპლექტება და იმ ხალხით, ვისაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. მინდა საქმეს ხელი რეალურად მცოდნე, პროფესონალებმა მოკიდონ. ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ჩემი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მაქვს სურვილი ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყანაში ტურისტული სექტორის განვითარებასა და წარმატებაში. სასურველია თუ განაცხადს ისეთი ადამიანები შეიტანენ, ვინც ტურისტულ კომპანიებს წარმოადგენენ და სასტუმროს ბიზნესში მოღვაწეობენ.
ამ დარგის ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს, პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი. პირდაპირ ვამბობ, თუ არჩევნები გამჭირვალედ და კეთილსინდისიერად ჩატარდება, ჩემი კოლეგები და საღად მოაზროვნე ადამიანები მხარს დამიჭერენ. ასე რომ, გამარჯვების იმედი მაქვს!..
ავტორი: ანა კალანდაძე
travelingeorgia.ge