ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო სემირამიდას ბაღები ბათუმში ახალ წლამდე გაიხსნება
11 ნოემბერი, 2015

ბათუმში აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“ სავარაუდოდ ახალ წლამდე გაიხსნება.

როგორც „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გლორიას“ წარმომადგენელმა განუცხადა, კომპლექსის ასაშენებლად 35 მილიონი დოლარის ინვესტიცირებაა განსაზღვრული, საიდანაც 27 მილიონი დოლარი უკვე დახარჯულია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე კი შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. 12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 159 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება. მოეწყობა ზამთრის ბაღებიც.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ხოლო რომელი ბრენდი დაიწყებს სასტუმროში ოპერირებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აზერბაიჯანული კომპანია „გლორია“ თბილისში სასტუმრო „ტიფლის პალასსა“ და რესტორან „ტიფლის ვერანდას“ ფლობს.

„სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.