ვარძიაში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „ვარძია რეზორთსის" მუშაობამ მოლოდინს გადააჭარბა. ამის შესახებ „ვარძია რეზორთსის" ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათი თქმით, სასტუმრო 15 სექტემბერს გაიხსნა და სატესტო რეჟიმში იმუშავა, რითაც მენეჯმენტი კმაყოფილია, რადგან აქტიურობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები. მათივე განცხადებით, დღეს სასტუმრო დაკეტილია და ინფრასტრუქტურის სრულად განვითარების შემდეგ მაისში განახლდება დამსვენებლების მიღება, რის შემდეგაც „ ვარძია რეზორთსში" დასვენება წლის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
სასტუმრო კერძო ინვესტიციით ქართველმა ბიზნესნმა გია დიასამიძემ ააშენა. ტერიტორიაზე სრული კომპლექსია მოწყობილი. განთავსებულია კოტეჯები, რესტორანი, მესხური დარბაზი, ფანჩატურები, ლაუნჯები, ორი დიდი გადაკიდებული ღია აუზი, მარანი, მესხური ოდა, ფურნე, იქვეა მე-10 საუკუნის წმინდა მარინეს სალოცავი, რომელიც აღდგენილია. რეზორთსის ტერიტორიაზე მდინარე მოედინება, რომელზეც 7 აუზია სხვადასხვა სახეობის თევზით. სასტუმროს ტერიტორია დატვირთულია გამოქვაბულებით. ადმინისტრაციის განცხადებითვე, სასტუმროში საკონფერენციო დარბაზია ბიზნეს-შეხვედრებისთვის. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და გათვლილია როგორც კორპორატიულ ჯგუფებზე, ისე ტურისტებზე. სასტუმროში დასვენების ფასები 200 ლარიდან იწყება.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია