ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa დასვენების დღეებში 95-100%-იანი დატვირთვით მუშაობს
15 აპრილი, 2021

თელავში, სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa დასვენების დღეებში 95-100%-იანი დატვირთვით მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დანარჩენ დღეებში დატვირთვის მაჩვენებელი 60%-მდე მცირდება.

„გვესმის ქვეყანაში არსებული სიტუაციის, შევდივართ ხალხის ფინანსურ მდგომარეობაში, ამიტომ ფასები გაცილებით დაბალი გვაქვს, ვცდილობთ მეტი აქცია შევთავაზოთ სტუმრებს,“ - აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

მათი განცხადებით, დღეს სასტუმროს მუშაობა იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიამ რეინვესტირება განახორციელოს.

Zuzumbo Resort & Spa-ში აცხადებენ, რომ სასტუმრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სერვისის დამატებაზე. მათ შორისაა, სასტუმროს მიმდებარედ არსებულ ტყეში სასეირნო ბილიკების მოწყობა.

„დავამატებთ ბევრ სერვისს, რაც უფრო მეტად დააინტერესებს სტუმრებს, შესაბამისად, ვფიქრობთ, მესამე ტალღის გამო თუ ლოქდაუნი არ გვექნება შიდა ტერიტორიების და კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება, ეს ფაქტორი უფრო მეტად მომგებიანი იქნება ტურიზმისა და ეკონომიკისთვის. სასტუმრო ისეთი რეგულაციების დაცვით მუშაობს, ვფიქრობ,  არ დადგება სასტუმრო ბიზნესის დაკეტვის საჭიროება. შესაძლოა მაღაზიასა და ქუჩაში უფრო არ იყოს კონტროლი, ვიდრე ეს სასტუმროშია,“ - აცხადებენ  Zuzumbo Resort & Spa-ში.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ დაგეგმილია ტურისტებისთვის თონეში პურის დაკვრის დასწრება-თანამონაწილეობის შეთავაზებაც.

სასტუმრო პანდემიის პერიოდში, 2020 წლის აგვისტოში ამოქმედდა. სასტუმრო მოიცავს ტყის ფართობს, აუზებს, ამით ხდებოდა სტუმრების მიზიდვა საქართველოს ყველა კუთხიდან, გასნაკუთრებით თბილისიდან. ამჟამად სასტუმრო შიდა ტურიზმზე მუშაობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.