“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი 2019 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპის 5%-მდე შემცირების მიზეზს განმარტავს.
როგორც ალავერდაშვილი bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ირანიდან ტურისტების შემოდინების კლებამ და მიმდინარე წლის ზამთარში ქვეყანაში გავრცელებულმა ვირუსებმა ტურისტულ სეზონზე დიდი გავლენა იქონია.
მისივე თქმით, სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ კვარტალში 8-10%-ით შემცირდა.
“საკმაოდ რთული ზამთარი გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ზამთარში ვირუსებმა საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა. რუსეთში ეს ფაქტი უარყოფით კონტექსტში იქნა მოხსენიებული, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე უარყოფითად აისახა. ამასთან ირანიდან ტურისტების შემოდინების დიდი კლება მოხდა”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ აპრილში ტურისტების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდება.
“იმედი გვაქვს, რომ იმ დანაკლისს, რაც სასტუმროებმა პირველი კვარტლის განმავლობაში მივიღეთ, დარჩენილი თვეები შეავსებს, ხოლო წლის ჭრილში სასტუმროებს ზრდა გვექნება”, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპი 26% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპი 14.5%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველ კვარტალში – 5.1%-მდე დავარდა.