„თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის აღდგენის დინამიკის მიხედვით, აგვისტოს დასაწყისში საქართველოში უნაღდო დანახარჯების კუთხით ზრდა შეინიშნება, თუმცა არის რიგი მიმართულებები, სადაც რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის მაჩვენებელი შემცირებულია.
მიმოხილვის მიხედვით, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 2019 წელთან შედარებით (+47%) მეტწილად უცვლელია, ხოლო სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით კატეგორიებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 2019 წელთან შედარებით 74% შეადგინა (+30% წ/წ).
ამავე დროს, 1-9 აგვისტოს პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით არარეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვა 2019 წლის დონეს კვლავ აჭარბებს და ზრდა 21%-ს უტოლდება.
უნდა აღნიშნოს, რომ 3-9 აგვისტოს პერიოდში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 45% შეადგინა, რესტორნებსა და კაფეებში კი უნაღდო ხარჯვის ზრდა უმნიშვნელოდ შემცირდა და 60%-ს გაუტოლდა.
ყოველკვირეული აღდგენის დინამიკაში ჩანს, რომ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო ხარჯვა 63%-ს გაუტოლდა, ხოლო გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, 2019 წელთან შედარებით, უარყოფით ნიშნულს დაუბრუნდა. რაც შეეხება ფიტნესს, 3-9 აგვისტოს პერიოდში ამ მიმართულებით დანახარჯების ცვლილებამ 2019 წელთან შედარებით 62% შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ 3-9 აგვისტოს პერიოდში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და მოწყობილობებზე და ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვა მცირედით გაუმჯობესდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში აღნიშნულია, ეს წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელო გაუმჯობესებაა.
2019 წელთან შედარებით, პირადი ჰიგიენისა და სხვა სამომხმარებლო საქონელის კატეგორიებში უნაღდო ხარჯვის ზრდამ 78% და 50% შეადგინა.
რაც შეეხება მანქანის შეკეთებაზე უნაღდო ხარჯვის დინამიკას, ის ამ პერიოდში შენელდა და ცვლილებამ 2019 წელთან შედარებით 35% შეადგინა, თუმცა 2019 წელთან შედარებით, საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდა 44%-ს გაუტოლდა.
აღსანიშნია, რომ აგვისტოს დასაწყისში ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და 2019 წელთან შედარებით 93%-ს უტოლდება. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ კი 81% შეადგინა.
bm.ge