„სასტუმრო ერთი წელია დახურულია - ხარჯი უზარმაზარია, ტურისტი კი მესტიაში საერთოდ არაა“
„სასტუმრო თითქმის ერთი წელია დახურულია, რადგან კატასტროფული სიტუაციაა - ხარჯი უზარმაზარია, ტურისტი კი მესტიაში საერთოდ არაა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მესტიის ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმრო „თეთნულდის“ მეპატრონემ განუცხადა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ სასტუმროს სტუმრების 90 პროცენტი უცხოელი ტურისტების ჯგუფებია, დღეს კი მისი თქმით, სვანეთში სამოგზაუროდ არავინ მიდის. იგი ამბობს, რომ დღეს საქართველოში სასტუმროს ფასები ძალიან დაბალია, სწორედ ამიტომ ფიქრობს ზაფხულის სეზონზე სასტუმრო გახსნას თუ არა:
„ტურისტული კომპანიები გვეუბნებიან, რომ ივლისსა და აგვისტოში 10-20 კაციანი ჯგუფებს მოგვიყვანენ, თუმცა ვფიქრობ, სასტუმრო გავხსნა თუ არა. არ ვიცი მუშაობის განახლება რამდენად ღირს, რადგან სასტუმროს ხარჯები ვერ უძლებს იმ ფასებს, რომელიც დღეს სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია. სასტუმრომ ნორმალურად, რომ იმუშაოს კომპანია მაინც ზარალზე გავა, რადგან 60 ლარით ამხელა სასტუმროს ვერ შეინახავ. 50 ნომრიანი სასტუმროს დიდი დანახარჯი აქვს, როგორც კომუნალურების, ასევე თანამშრომლების კუთხით. 10 თვის განმავლობაში მარტო ელექტროენერგიის გადასახადს ჯიბიდან თვეში 12 000 ლარს ვიხდი, ამას ემატება თანამშრომლების ხელფასები, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო არ მუშაობს დაცვა ხომ სჭირდება, დალაგება ხომ სჭირდება?“, - ამბობს სასტუმრო „თეთნულდის“ მეპატრონე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დასახმარებლად ნაბიჯები არა ეფექტური იყო. „თეთნულდის“ მეპატრონეს არც ეკონომიკის მინისტრის სჯერა, რომელიც საქართველოში ტურიზმის 50%–ით აღდგენას ვარაუდობს.
„არ დაიჯეროთ, რომ ტურიზმი საქართველოში შეიძლება 50%–ით აღდგეს, გამორიცხულია. ტურიზმის აღდგენა ესეთი იოლი არ არის. მე ვფიქრობ, რომ აღდგენას მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება ქვეყანაში ვაქინაცია. ტურსიტისთვის ქვეყანას მიმზიდველს ხდის გართობა, გვიანობამდე სეირნობა ქუჩებში, ღამის ქალაქი დათვალიერება, კაზინოში შესვლა. დღევანდელი შეზღუდვებით ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გეგმებზე ვერაფერს გეტყვით, დღეს სასტუმროს გახსნა ნიშნავს არა მოგებას, არამედ ბევრად დიდ დანაკარგს. სასტუმროში მინიმუმ 15 კაცი მუშაობს, მათი ხელფასი და განთავსება ეს დიდ ხარჯებთანაა დაკაშირებული“, - აცხადებს ბიზნესმენი.
commersant.ge