სასტუმროების “სატორისა” და “ფორ ბრაზერსის” გენერალური მენეჯერი ქეთევან წერეთელი-დუბეის განცხადებით, მის საბანკო ანგარიშებს, რასაც სასტუმროების მართვისთვის იყენებს, შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო, შესაბამისად მათი ფინანსური მართვა გართულდა.
BM.GE–სთან საუბრისას მან განმარტა ის გარემოებები, რის გამოც ანგარიშებს ინკასო დაედო.
“იჯარით რომ ვიღებთ ფართს, ამის შესახებ ხელშეკრულებას ვაფორმებთ იუსიტიციის სახლში და შემდეგ, rs.ge-ზე უკვე ჩანს ეს ინფორმაცია, რომ მე გადასახდელი მაქვს ყოველთვიურად იჯარის თანხა. ამ თანხას ერიცხება საშემოსავლო გადასახადი – 20%, რომელიც ასევე უნდა გადავიხადო 15 რიცხვში. როდესაც გადასახადის გადახდის დრო მოვიდა, მე არ მქონდა თანხა და ვთხოვე, გაენაწილებინათ ეს თანხა თვეებზე. ეს თავიდან არ გაითვალისწინეს და უკვე 16 რიცხვში ჩემს ანგარიშებს ბანკში ინკასო დაადეს.
ამის შემდეგ, ორი დღე გავიდა და დამირეკეს, თქვენი საქმე აღსრულებას უნდა გადავცეთო. მივედი საგადასახადოში და დავწერე განცხადება, რომ გადასახადები ერთი წლის განმავლობაში გამინაწილონ. მე სხვა სამსახურებშიც ვმუშაობ და ჩემი თანხით, გადავიხდი, თუ გამინაწილებენ. ჯერ პასუხს ველოდები”, – განაცხადა მან.
ამასთან, ქეთევან წერეთელი-დუბეის ინფორმაციით, თბილისში სასტუმროების უმეტესობა – 90%, ან სესხით არის აშენებული, ან ქირით.
“ერთი თვის მანძილზე თითქმის ცარიელები ვიყავით და 15–ში მოვიდა სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების დრო. როდესაც სახელმწიფოს ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი იჯარის საფასური, იჯარა არავინ დაგვიკლო, ამ მხრივ ვერ დაგვეხმარა.
ინკასოს დადება უკვე იმას ნიშნავს, რომ ვერანაირ ფინანსურ ოპერაციას ორგანიზაცია ვერ განახორციელებს, ანუ ის ტურისტული კომპანები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით იმ დაბალ ფასებშიც, ისიც თუ რაიმე თანხას გვირიცხავს იმისთვის, რომ ან თანამშრომელს ხელფასი ჩავურიცხოთ, ან საუზმის თანხა იყოს და დილას მოვემსახუროთ, ამასაც ვეღარ ვაკეთებთ, ანუ თანხა ხელში არ გვიკავია. ანგარიშები გაჩერებულია. მე შემიძლია 20 სასტუმრო ჩამოვთვალო, რომელსაც ეს დაემართა”, – განაცხადა სასტუმროების მენეჯერმა.
მისივე თქმით, მსგავსი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, მრავალი ადამიანი უმუშევრად დარჩება.
“მე ძალიან უხეშად გამოვითვალე: თბილისში ეს სიტუაცია თუ გაგვიგრძელდა, რაც გვაქვს, 50 ათასამდე ადამიანი უმუშევარი რჩება. თვითონ ჩვენი სასტუმროებიდანაც, თუ 8, 11 და 15 თანამშრომელი გვყავდა, ახლა 3-4 თანამშრომელზე ვმუშაობთ, რადგან ვერ ვინახავთ თანამშრომლებს. მძიმე სიტუაციაა”, – განმარტა ქეთევან წერეთელი–დუბეიმ.
ამ ვითარებაში მან მესამე სასტუმროს გახსნა გადადო.
“ახალი სასტუმროსთვის სესხი გვაქვს აღებული და მისი გაყიდვაში გაშვება უნდა მომხდარიყო 15 აგვისტოს. ეს არის ვორონცოვის მოედანზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მდებარე სასტუმრო. საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა მისი გაკეთება, თუმცა იმის გამო, რომ ასეთი სიტუაციაა, ოქტომბრამდე გადავდეთ, კადრების აყვანა შევაჩერეთ და სიტუაციის გამოსწორებას ველოდებით, რადგან სასტუმროს ყოველდღიური ხარჯი ზარალია, ამიტომ ვერ ვხსნით. ველოდებით ოქტომბერს, რომ ახალი წლისთვის მზადება დავიწყოთ”, – აღნიშნა მან.
bm.ge