ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმროს მენეჯერი მესტიაში: რუსული ავიასანქციები ჩვენს სასტუმროს არ უგრძვნია
29 ივლისი, 2019

მესტიაში სასტუმრო “ბაპშა” ტურისტებს ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ემსახურება, რადგან აქ მარკეტინგული გათვლები მუშაობის დაწყების დღიდან სწორედ ევროპაზე აქვთ. შესაბამისად, როგორც BM.GE-ს სასტუმროს მფლობელმა თამარ ნიგურიანმა განუცხადა, მის მუშაობაზე რუსული ავიასანქციები არ აისახა.

“ტურისტი ძირითადად ევროპიდან მოდის და წელს უკვე შესამჩნევია, რომ ემატებიან ისეთი ქვეყნები, როგორიც ავსტრალია და კანადაა. ეს ხალხი ძირითადად დაინტერესებულია იმით, რომ წავიდეს და შეიცნოს ბუნება. აღფრთოვანებულები არიან ამ ტრადიციებით. ძალიან მოსწონთ გაველურებული ბუნება, რომელსაც ისევ ის სახე აქვს, როგორიც უნდა იყოს.

ასევე მოსწონთ აქაური მცენარეები. გერმანელი ტურისტი გვყავდა, რომელიც გაოგნებული მესაუბრებოდა იმაზე, რომ სეირნობისას აღმოაჩინა მცენარეები, რომლებიც ევროპაში უკვე აღარ არსებობენ. გარდა ამისა, არიან ფრინველები, რომლებიც უკვე გადაშენების სტადიაში არიან და ამ ყველაფრით დაინტერესებული ხალხი ჩამოდის.

ჩვენი ტურიზმი გახსნილია გლობალურად და ეს ნაკადი, რომელიც ევროპიდან მოდის, არ უნდა შევაჩეროთ. პირადად ჩვენს სასტუმროს, არ უგრძვნია არანაირი სანქციები. ერთადერთი, რაც ჩვენ ვიგრძენით იყო ის, რომ როდესაც ეს თემა წამოტივტივდა და თბილისში იყო არასასიამოვნო სიტუცია, იმ ხალხს, რომელიც უკვე აქ იყო, სურათებს მოკრეს თვალი და გაუჩნდათ კითხვა, რა ხდება ქვეყანაში, თორემ ტურისტის ნაკლებობა ნამდვილად არ გვიგრძვნია. არც ის ყოფილა, რომ გვქონდა ჯავშანი და გაგვიუქმდა.

ძირითადად, ევროპელები ჩამოსვლამდე თუ გვწერენ, აინტერესებთ ამინდები, თორემ არავის უკითხავს, როგორია პოლიტიკური მდგომარეობა, ან არის, თუ არა არეულობა”, – განაცხადა თამარ ნიგურიანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდპირი ავიარეისები აიკრძალა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.