ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი - რას სთავაზობს MELAANIAN VINTAGE - GUEST HOUSE სტუმრებს
28 სექტემბერი, 2021

ეკოტურისტული მეურნეობა Melaanian Vintage - Guest House-ი CENN-ის კონკურსის "ქალი მეწარმე მდგრადი ტურიზმის სექტორში" გამარჯვებულია. კომპანიამ მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა საუკეთესო მწვანე ტურისტული ობიექტის კატეგორიაში.

CENN-ის ცნობით, Melaanian Vintage - Guest House აერთიანებს რამდენიმე ტიპის მომსახურებას, რომელიც ეყრდნობა ეკო პრინციპებს.

Melaanian Vintage-ის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე ამბობს, რომ კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული მომსახურებაა ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაის წარმოება/რეალიზება და სტუმრებისათვის შეთავაზება.

"ამ დროისათვის გვაქვს ორი სახეობის ჩაი: ასკილის კოკრების და ბარამბოს ჩაი. ორივე ჩაი მზადდება ველურ გარემოში მოპოვებული ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი ნედლეულით. გარდა სიჯანსაღისა, ორივე ჩაის აქვს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები.

აღნიშნული ჩაი იწარმოება ადგილობრივ თემის ჩართულობით, გვყავს ეკო შემგროვებლები, რომლებიც გვეხმარებით სეზონურად ნედლეულის მოპოვებასა და მის საბოლოო პროდუქტად ქცევაში. სოფელში ამ მიმართულების წინ წამოწევა რამდენიმე ოჯახის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს ასევე, ზოგადად, ადგილობრივებს ეძლევათ მოტივაცია ბიო-ნატურალური და ტყის რესურსებზე დაფუძნებული პროდუქცია აწარმოონ.

ამ ყველაფერთან ერთად მაღლდება მათი თვითშეგნება და ცნობიერება გარემოს დაცვით პრინციპებსა და ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნის მიმართულებებით",- ამბობს თეონა თაბორიძე.

რაც შეეხება უშუალოდ განთავსების ობიექტს, ისიც ეკო პრინციპებზე დაყრდნობითაა შექმნილი. ინტერიერში მაქსიმალურადაა გამოყენებული ბუნებრივი მასალა, აბაზანა მოპირკეთებულია მდინარის ბუნებრივი ქვებით, ხოლო ავეჯი დამზადებულია გადამუშავებული ხის ნარჩენი მასალისგან.

ტურისტული ობიექტის თავის მკითხველს "ბიზნესპარტნიორმა" რამდენიმე თვის წინ გააცნო.

კონკურსი გახორციელდა CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.