რამდენიმე დღის წინ, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მომხდარმა ხანძარმა რამდენიმე ექსპონატი და შენობის ზედა სართული დააზიანა.
როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი ,,ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, დანაკარგი დიდი არ არის, დაზიანებული ნივთები რესტავრაციას ექვემდებარება. მისი ინფორმაციით, მანამდე სახლ-მუზეუმში უსაფრთხოების ზომების მიღება იგეგმება, რაზეც მუშაობა თითქმის დაწყებულია.
,,ხანძარს მინიმალური დანაკარგით გადავურჩით. თუმცა ორი წუთიც რომ დაგვეგვიანა, დიდი მასშტაბის ზარალს მივიღებდით და მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. სახურავის ფრაგმენტი, დაახლოებით 15 კვადრატია დაზიანებული. ექსპონატები გადარჩნენ, უფრო წყლის ჭავლის შესხმის გამო დაზიანდნენ, მაგრამ მთავარია რესტავრაციას ექვემდებარებიან. ახლა რაც პირველ რიგის ამოცანად დავისახეთ, სახანძრო უსაფრთხოების ზომების გატარებაა. საწყის ეტაპზე ვაკეთებთ კიბეს, რაც აუცილებელია და მერე მივყვებით ინსტრუქციას, რა რეკომენდაციასაც სპეციალისტები გაგვიწევენ. სამუშაოების ძირითად ნაწილს დამოუკიდებლად შევასრულებთ, ამიტომ ხარჯის ზუსტი ოდენობა ჯერ არ გვაქვს დადგენილი", - აღნიშნავს ოტია იოსელიანი.
მისი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმი არ არის დაზღვეული და ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემაა, სანამ შენობის სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება.
,,ქონება დაზღვეული არ გვქონდა. დიდი ხანია, რემონტი მიმდინარეობს და სახლ-მუზეუმის შენობას დასრულებული სახე არ გვაქვს. როგორც გავარკვიეთ, ასეთ სიტუაციაში დაზღვევა არ ხდება. თან, წლების წინ აშენებული სახლია, ბაბუაჩემმა საკუთარი პროექტით ააშენა და არასტანდარტულად ითვლება, სხვადასხვა ფაქტორია, რაც დაზღვევის პირობებს ეწინააღმდეგება, ასე მარტივი არ არის ეს საქმე," - აღნიშნავს ოტია იოსელიანი.
ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იოსელიანების რძალმა, ნუცა ცისკარიშვილმა გაავრცელა.
მისივე ცნობით, ცეცხლი მუზეუმის ზედა ნაწილში გაჩნდა. მწერლის რძალი აცხადებდა, რომ სახანძრო დროულად მივიდა და მეხანძრეების დახმარებით, მუზეუმი გადარჩა.
bp.ge