ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საყდრისის კომიტეტი“, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ უკანონო მშენებლობას აპროტესტებს – მშენებლობა საფრთხეს უქმნის, ვარძიის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას
09 აპრილი, 2019

27 მარტს, ადგილობრივი მოსახლეობისგან „საყდრისის კომიტეტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზუალური დაცვის არეალში სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა. ვარძიელების თქმით, სამუშაოებს, სავარაუდოდ, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი – სოსო ორჯონიკიძე უნებართვოდ აწარმოებდა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „საყდრისის კომიტეტმა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, 4 აპრილს, წერილობით მიმართა და აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვების გაცემის შესახებ, უმოკლეს დროში, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული წერილით აღმოჩნდა, რომ შპს „ინოვაციური სამშენებლო კომპანია“, რომელიც ვარძიაში, სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში სამშენებლო სამუშაოებს უნებართვოდ აწარმოებდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ, 2018 წლის, 5 ოქტომბერს, სააგენტოს კატეგორიული მოთხოვნისა, შეეჩერებინათ მშენებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი #60.10.34.313) უკანონო სამუშაოები მაინც გრძელდებოდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იმავე წერილით, ცნობილი გახდა, რომ უკანონო სამუშაოების შესახებ, რამაც ლანდშაპტის სახეცვლილება გამოიწვია, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოც ფლობდა. შესაბამისად, 5 აპრილს, „საყდრისის კომიტეტმა“ წერილობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფრომაცია გამოითხოვა.

სიტუაციაში უკეთ გარკვევისთვის, „საყდრისის კომიტეტის“ წევრები, 5 აპრილს ვარძიაში ჩავიდნენ და უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს, რის შედეგადაც სამშენებლო ტექნიკამ მშენებლობის არეალი დატოვა. „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტები, ამბობენ – „გარდა იმისა, რომ მშენებლობა უნებართვოა, ის საფრთხეს უქმნის, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას. იმის გამო, რომ არ არსებობს, ვარძიის განაშენიანების გენ. გეგმა, იუნესკომ რამდენჯერმე უარი თქვა ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაზე. მსგავსი მშენებლობები ამჯერადაც დაუკარგავს შანსს, ვარძიას მოხვდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში“. მიუხედავად, ადგილზე მყოფი, ასპინძის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დაპირებისა, რომ ისინი ამჯერად, ნამდვილად შეძლებენ სამუშაოების შეჩერებას, „საყდრისის კომიტეტი“ გააგრძელებს, ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის მქონე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ვიზუალური დაცვის არეალის ზონაში მშენებლობის მონიტორინგს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.