კომპანია Schuchmann Wines Georgia-მ ღვინის სოფელი გააშენა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ის თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარე ღვინის საწარმოსა და სასტუმრო კომპლექსის მიმდებარედ, 5 ჰექტარზე გაშენდა და ათი ვილისგან შედგება, რომელსაც 2020 წელს კიდევ 15 ასეთივე ვილა დაემატება.
პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია, საიდანაც 2 მილიონი უკვე დახარჯულია.
„ვილები უნიკალური ქართული მასალებითაა აშენებული, რომლებიც მე-19-20 საუკუნეშია დამზადებული, როგორიცაა ქართული ქვა, კრამიტი და სხვა. კომპანია ამ ექსტერიერის შესაქმნელად დაახლოებით წელიწადნახევარი აგროვებდა ძველი სახლების დაშლის შედეგად მიღებულ მასალებს. მისი ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ კონცეფციის შესაბამისადაა მოწყობილი, რომელიც ჩვენს ყველა ობიექტზე მეორდება, ის ძალიან მინიმალისტურია და ქართულ, ისტორიულ, უნიკალურ ფრაგმენტებზეა დაფუძნებული. ვილების სოფელი უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი კოტეჯური სტილის სოფელი, ღვინის ტურიზმის მიმართულებით, ჯერჯერობით, არ არსებობს“, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
მისივე განმარტებით, ვილები საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი და ექსკლუზიურ სერვისებს ითვალისწინებს.
„ვილები ჩვენი ტურისტული კომპლექსის ნაწილია, სადაც ადამიანებს პრივატულად დასვენება შეეძლებათ. ვილებში იმოქმედებს პრივილეგირებული სერვისები, როგორიცაა კონსიერჟული მომსახურება, ადგილზე რესტორნისა და სპა სერვისებით უზრუნველყოფა და სხვა. თითეული ვილა 5-6 ადამიანზეა გათვლილi, მისი ქირაობა როგორც წყვილებს და ოჯახებს, ასევე ადამიანთა ჯგუფს შეეძლება. ვილის ქირაობის ფასი დღე-ღამეში 230-250 დოლარი იქნება“, – განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Schuchmann Wines Georgia ღვინის ტურიზმით 2009 წლიდანაა დაკავებული, ის ფლობს 20 ნომრიან სასტუმროს; ღვინის კომპანია წელიწადში 20 ათას სტუმარს მასპინძლობს. როგორც ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება – ,,კახეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალია და ჩვენ გვინდა გავხდეთ კახეთის მნიშვნელობით ,,ბორდო“ რეგიონში“ – განაცხადა მან Bm.ge-სთან საუბრისას.
კომპანია Schuchmann Wines Georgia ქართულ-გერმანული ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა. ის წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლ ღვინოს, ჭაჭას და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს, რომელიც პრემიუმსეგმენტზეა გათვლილი. პროდუქციის 90% ექსპორტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში გადის, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.