კომპანია Schuchmann Wines Georgia სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს, რისთვისაც სარეაბილიტაციო-სარეკრეაციო კომპლექსს ააშენებს.
ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.
კომპლექსი სტუმრებს 2020 წლიდან მიიღებს, ამჟამად კომპანიაში მის პროექტირებაზე მუშაობენ; შესაბამისად, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაზუსტდება.
,,სარეაბილიტაციო-სარეკრეაციო კომპლექსის აშენებას ვგეგმავთ, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ეს იქნება გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო მიმართულება, სადაც უშუალოდ ღვინის პროდუქტებზე დაფუძნებული გამაჯანსაღებელი პროცედურები გვექნება. კერძოდ, მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც დეტოქს პროგრამებს, ასევე სარელაქსაციო და მსუბუქ სარეაბილიტაციო პროცედურებს“, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
ტურისტული კომპლექსი გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე, რომლებსაც სარეკრეაციო-სარეაბილიტაციო მიზნით სურთ საქართველოში ჩამოსვლა და სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ.
“გამომდინარე იქიდან, რომ კახეთის რეგიონში ტურისტების მაღალი აქტივობაა, კომპანიამ სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყვიტა. ეს იქნება რეგიონში პირველი ცენტრი, რომელიც ტურისტებს საკუთარი წარმოების, ყურძნისა და ღვინის პროდუქტებზე დაფუძნებულ პროცედურებს შესთავაზებს“, – განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ Schuchmann Wines Georgia-მ ღვინის სპა მიმართულებას საფუძველი ორი წლის წინ ჩაუყარა. სხვადასხვა სარელაქსაციო პროცედურისთვის კომპანია ყურძნის წიპწაზე დამზადებულ ზეთს და სკრაბს მოიხმარს, რომელსაც თავად აწარმოებს.
როგორც ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, ეს მიმართულება უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ამიტომ კომპანიამ მისი გაფართოება და უფრო მასშტაბური კომპლექსის შექმნა გადაწყვიტა.