„სეზონზე არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები დომინირებდნენ“- რას სთავაზობს მტკვარზე მცურავი რესტორანი „ბორანი“ მომხმარებელს
„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა ჩვენი მომსახურებით ადგილობრივებიც სარგებლობენ. “ - ამის შესახებ „კომერსანტს“ მტკვარზე მცურავი რესტორნის „ბორანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე ქიტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ამ ეტაპზე უფრო არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები აქტიურობენ. რაც შეეხება მოთხოვნას კონსტანტინე ქიტიაშვილი აღნიშნავს, რომ ზამთრის სეზონზე მოთხოვნა დაბალია და ზოგადად პანდემიის შემდეგ კლება შეინიშნება.
„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან, ჩვენ გვაქვს ტურისტული ბიზნესი, ადგილობრივებიც არიან, თუმცა ძირითადი კონტინგენტი მაინც უცხოელებზე მოდის. რაც შეეხება მოთხოვნას ზამთარში მოთხოვნა დაბალია, შემცირება განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ შეინიშნება.
ზაფხულის სეზონზე არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები დომინირებდნენ, ასევე გვყავდა ტურისტები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდანაც“- აღნიშნა კონსტანტინე ქიტიაშვილმა.
ბორანის მარშრუტი მეტეხის ხიდიდან იწყება და „ბორანი“ მდინარის მიმართულებით 300 არაგველის ობელისკამდე ჩადის და უკან მშრალ ხიდამდე ბრუნდება. როგორც ქიტიაშვილი აღნიშნავს, მარშრუტის ხანგრძლივობა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება ფასებს, ქიტიაშვილის თქმით, საშუალოდ ერთი ადამიანის გასეირნების ფასი 20-30 ლარის ფარგლებშია, რაც ასევე მარშრუტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
„ბორანი“ მომხმარებელს ასევე სთავაზობს მტკვარზე გასეირნებას ვახშმის ან სადილის თანხლებით, თუმცა აღნიშნული შეთავაზება მხოლოდ პრივატული და ჯგუფური შეკვეთების დროს მოქმედებს. ქიტიაშვილის თქმით, მენიუს ფასი საქართველოში არსებული რესტორნების ფასების მსგავსია.
„საშუალოდ მენიუს ფასი ზუსტად ისეთია, როგორც საშუალო თბილისურ რესტორნებში და ინდივიდუალურია, გააჩნია რას შეუკვეთს მომხმარებელი, ამას ემატება ბორანის იჯარის თანხაც.
ჩვენ ადრე ვაკეთებდით თბილისურ საღამოებს ბორანზე, სადაც მაგიდები იჯავშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მომსახურება შევწყვიტეთ“- აღნიშნა კონსტანტინე ქიტიაშვილმა.
ამ ეტაპზე „ბორანზე“ 4 ადამიანია დასაქმებული.
commersant.ge