ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შალვა ალავერდაშვილი: “თავს ნუ მოვიტყუებთ, ამ ეტაპზე ტურიზმი მკვდარია”
13 ნოემბერი, 2020

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წლის ოქტომბრის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასული თვის განმავლობაში ქვეყანას 49 712 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია. რაც შეეხება შემოსავლებს საერთაშორისო ტურიზმიდან, წელს 9 თვეში საქართველომ $499 მლნ მიიღო, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს რიცხვი $2.58 მილიარდი იყო ანუ კლება 80.7%-ია.

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტურიზმი არ არსებობს.

„არ გვინდა, ვინმემ თავი მოიტყუოს; რამდენიმე ობიექტია, რომელიც მუშაობს, ეს სექტორის 5%-10%-ია. ფაქტობრივად, დღეს ტურიზმის სექტორი მკვდარია და იმედი მაქვს, მინდა მჯეროდეს, რომ მისი აღდგენა 2021 წლის აპრილ-მაისიდან დაიწყება. მთავარია, წლის ბოლომდე გამოჩნდეს ვაქცინა და შემდეგი წლის გაზაფხულიდან, როცა ხალხი დაიწყებს მოძრაობას, ჩვენც გავცოცხლდებით“, – ამბობს ის bm.ge-ისთან ინტერვიუში.

შალვა ალავერდაშვილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით არაერთ სასტუმროს მართავს, აცხადებს, რომ დღეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ნომერ პირველი პრობლემა საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა, რადგან გაჩერებულ ბიზნესებს კრედიტების დაფარვა არ შეუძლიათ.

Bm.ge-ის კითხვაზე – რამდენად ქმედითია ამ მხრივ მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა, ალავერდაშვილი აცხადებს, რომ მას სექტორის მაღალი მოცვა არ აქვს და მაგალითად 30 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სტატისტიკა მოჰყავს, რომლის თანახმად, სესხის სუბსიდირებით 907-მა ბიზნეს-სუბიექტმა ისარგებლა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, იყო შემთხვევები, როცა ერთ კომპანიას რამდენიმე სესხი დაუსუბსიდირეს.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილი იზიარებს მთავრობის მიმართ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) თხოვნას, რომ ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი, რადგან ეს იქნება ერთგვარი სტიმული ბიზნესისთვის და ჟესტი სახელმწიფოს მხრიდან, რომ სექტორი საახალწლოდ რამდენიმე კვირა მაინც ამუშავდეს.

შეგახსენებთ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, სესხის სუბსიდირების პროგრამაში 800-მდე მცირე და საოჯახო სასტუმრო ჩაერთვება და მთავრობა მათ სესხის პროცენტს 12 თვე დაუსუბსიდირებს, თუმცა გაგრძელდება თუ არა საშემოსავლო გადასახადებზე დაწესებული შეღავათები და ჩამოეწერება თუ არა ტურიზმის ინდუსტრიას გადავადებული გადასახადები, ჯერჯერობით უცნობია. გახარიას მთავრობაში აცხადებენ, რომ ბიზნესის მხარდაჭერის ე.წ. მეოთხე ფაზაზე მუშაობენ და განახლებული პაკეტი 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გამოჩნდება, რომელსაც მთავრობა პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარუდგენს.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.