მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ შაორის განვითარება დაიწყო. „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, კურორტს პირველი ინვესტორი ჰყავს. რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსს ქვეყნის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილზე მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development -ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაჰოლდინგს ბიზნესმენმა დაუდასტურა. იგი გვიყვება, რომ კამპანიამ 29 693 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა. შაორის ტბის პირველ ზოლში მიწის ნაკვეთი შპს „სითი დეველოპმენტმა“ 1 193 000 ლარად 2021 წლის 30 მარტს იყიდა. როგორც მინდა საბანაძე აცხადებს, პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მის განხორციელებას ორი წელი და ექვსი თვე დასჭირდება
„ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც საქართველოში მარგალიტივითაა, თუმცა სათანადოდ განვითარებული არ არის. რეალურად კი იქ ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი - ტბა, უზარმაზარი ტყის მასივები, ამბროლაურის აეროპორტი. სწორედ ამიტომ, გვინდა დიდი რეზორტი ავაშენოთ, ეს არ იქნება პატარა სასტუმრო. ტერიტორიაზე მოეწყობა დაახლოებით 120 ნომრიანი სასტუმრო მსხვილი ინფრასტრუქტურით: სპა, რესტორნებით, ღია ტერასებით, აუზებით და ა.შ. მინდა, რომ თვალში საცემი და განსხვავებული კომპლექსი ავაშენოთ – ადგილი, სადაც ადამიანები ოჯახებით ჩავლენ და დაისვენებენ“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.
შაორის ტბის სანაპიროზე რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსის ვიზუალური ესკიზების შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. კონკურსის მიზანი გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის არქიტექტორული კომპანიის გამოვლენაა.
როგორც ირკვევა, საპროექტო გუნდმა პროექტი გარკვეული შეზღუდვებით უნდა მოამზადოს. კერძოდ, საპროექტო შენობა 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ოთახების ოდენობა 120 ნომერს. სასტუმროს ვიზუალური მხარე უნდა იყოს თანამედროვე, თუმცა სასურველია ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტების გამოყენება და გარემოსთან მისადაგება. დოკუმენტის მიხედვით, სასურველია სასტუმროს ყველა ოთახი იყოს პანორამული ხედებით (ტბაზე ან ტყისკენ). ასევე უნდა დაიგეგმოს სტუმართა თავშეყრისათვის განკუთვნილი მცირე, მყუდრო სივრცეები შენობაში და მის გარეთ.
საკუთრებაში არსებული 3 ჰექტრამდე ტერიტორიის პროექტირების მიღმა, გასათვალისწინებელია კომპლექსამდე მისასვლელი გზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოება/რეკონსტრუქციის რეკომენდაციის გაცემა.
კონცეფციის თანახმად, სასტუმრო შერეული ტიპის დამსვენებელზე უნდა იყოს მორგებული და სეზონების მიხედვით განსხვავებულ სეგმენტს მოემსახუროს. ზაფხულის სეზონზე ძირითადად ადგილობრივ, ოჯახური დასვენების მოყვარულებს უმასპინძლებს. დაბალ სეზონზე MICE (შეხვედრები, სამოტივაციო შეკრებები, კონფერენციები, ღონისძიებები) მიზნებით ჩამომსვლელ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებზეა გათვლილი. ხოლო საშუალო სეზონზე უცხოურ ტურისტულ ჯგუფებს უმასპინძლებს.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას ან ფიზიკურ პირს შეუძლია, რომელსაც პროექტირების 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება აქვს. კონკურსში გამარჯვებული წარმოდგენილი ვიზუალური ესკიზების და სასტუმრო კომპლექსის კონცეპტუალური მონახაზის საფუძველზე გამოვლინდება. ღია კონკურსში მონაწილეებიდან სამი საუკეთესო ესკიზური მონახაზი შეირჩევა, რომლის ავტორებს ფულადი ჯილდო 20 000, 15 000 და 5 000 ლარი გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან მზადდებოდა და 2019 წელს დასრულდა, ამ დრომდე ინვესტორის მოლოდინში იყო.
კომპლექსის საპროექტო საზღვარში სულ 995 ნაკვეთია განხილული, საიდანაც 805 ნაკვეთია რეგისტრირებული. საპროექტო ტერიტორიის 6% ტყის ფონდის მიწებია, ხოლო 47% ნაკვეთებით დაფარული ფართობებია. პროექტი მოიცავს საბაგირო გზის მშენებლობას, ტყიბულიდან შაორზე ამომავალი მაღალი გამტარობის (2500 კაც/სთ-ში) 6 კმ-იანი გონდოლებიანი საბაგირო გზა, რომელიც წარმოდგენილია სამი (ტყიბულის ქვედა, ნაქერალას შუალედური და შაორის ზედა) სადგურით.
გეგმის მიხედვით, წყალსაცავის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე, გზასა და სანაპიროს შორის მოწყობილია ე.წ. ,,მარინა“. შაორის წყალსაცავისათვის შესაფერისი ტიპის ნავსადგომებით (900-მდე ნავი); აქვე მოწყობილია იახტ-კლუბი, ნავების გაქირავება, სპორტული სანაოსნო სკოლა და რესტორანი დამსვენებლებისათვის. მარინას ჩრდილოეთ გაყოლებაზე განთავსებულია სპორტულ-სარეკრეაციო არეალი სპორტული მოედნებით. მარინასა და სპორტულ ზონას შორის განლაგებულია ავტოპარკინგი (400-მდე მანქანაზე და 10 ავტობუსზე), წყალსაცავსა და გზას შორის, მდებარეობს აქტიური დასვენების ზონები, სადაც განთავსებულია სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები.
წყალსაცავის აღმოსავლეთით, სოფელ თლუღისა და სხარტალის მიმართულებებით, განთავსდება ფერმა-სახლებისა და რანჩოების ზონა.
შაორის გენგეგმაში სარეკრეაციო ზონის სახით გამოიყო ტერიტორია ღია ფესტივალების, საზაფხულო კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს ადგილი მოშორებულია საცხოვრებელ ზონებს. შაორის წყალსაცავის ირგვლივ მოწყობილია ფეხით სასიარულო და ველო-ბილიკი. რაც შეეხება აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას - ეს პროექტები განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ჭრილში და სახელმწიფოს თანამონაწილეობა 20%-ით განისაზღვრა.
შეძლებს თუ არა მინდია საბანაძე შაორი ევროპული სტანდარტების ოთხსეზონიან კურორტად აქციოს, ამას რამდენიმე წელიწადში გავიგებთ.
commersant.ge