ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატილში ტურისტული სეზონი შესაძლოა, ჩავარდეს – "ტურისტებმა იციან, რომ სამანქანო გზა დაკეტილია და აქ ამოსვლისგან თავს შეიკავებენ"
13 ივლისი, 2017

შატილში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებულმა გზის საფარმა და მიმოსვლის შეწყვეტამ ადგილობრივი მცირე ბიზნესი უკვე დააზარალა. როგორც "კომერსანტთან"  საუბრისას მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, დღეს მათთან არც ერთი ტურისტი აღარ ისვენებს. მათივე თქმით, თუ გზა დროულად არ გაიწმინდა და მოძრაობა არ აღდგა, შესაძლოა, წელს შატილში ტურისტული სეზონი ჩავარდეს. 

შატილის გზა ძლიერი წვიმების შედეგად, უკვე რამდენიმე დღეა ჩაკეტილია და გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზა ე.წ. გუროს ნაწვეთრებიდან შატილამდე რვა ადგილას მდინარე არღუნს აქვს წაღებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც უწყებაში "კომერსანტს" განუცხადეს,  გზის გახსნა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მოხერხდება: „ძლიერი წვიმების შედეგად, მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ბარისახო-შატილის 90-ე კილომეტრს იქით, რამდენიმე კილომეტრიანი გზა ჩაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო. ტექნიკა მობილიზებულია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, რათა დასახონ გეგმა, წმენდა რა მიმართულებით უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, გზის გახსნას რა დრო დასჭირდება, იმიტომ რომ არც თუ ისე მარტივი სიტუაციაა. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსკენ გზის გახსნა მოხერხდება. წინასწარ ამის თქმა რთულია. უფრო ზუსტ მონაცემებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ".


პირიქითა ხევსურეთში, კერძოდ შატილში, ამჟამად ტურისტული სეზონია, თუმცა უგზოობის გამო, საოჯახო ტიპის სასტუმროებს რამდენიმე დღეა დამსვენებელი არ ჰყავთ.

როგორც „კომერსანტს" შატილში მდებარე სასტუმროების მეპატრონეებმა განუცხადეს, გზის ჩაკეტვამ მათ მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა.

„ახლა შატილში ტურისტები არ არიან. როდესაც გზა ჩამოიშალა, ჩემს სასტუმროში 15 ტურისტი იყო და ტერიტორიიდან მათი გამოყვანა ვერტმფრენით მოხერხდა. რაც შეეხება ზოგადად ტურისტების რაოდენობას, წელს თითქმის იგივე რაოდენობის დამსვენებელი გვყავდა, რაც გასული წლის ზაფხულში, თუმცა ახლა რაც გზა დაიკეტა, დამსვენებელი საერთოდ არ გვყავს", - განუცხადა „კომერსანტს" შატილში საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ, შორენა ლიქოკელმა.

„სამი წელია სასტუმრო მაქვს. გზის ჩამოშლამდე უცხოელი ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილი იყო. ჩემი მცირე სასტუმრო მდინარის პირას არის და საშიშ ზონაშია. იმ ღამეს, როდესაც მიწა ჩამოიშალა, სასტუმროში ტურისტები მყავდა და გზის ჩაკეტვის შემდეგ, მეც და ტურისტებიც ვერტმფრენით გადმომგვიყვანეს. ადრეც ადიდებულა მდინარე, მაგრამ გზის ჩახერგვის ასეთი მასშტაბური შემთხვევები არ მახსოვს. ეს ტურისტების შემოსვლას ხელს ძალიან შეუშლის და თუ დროულად არ მოხდა აღდგენა, შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩავარდეს კიდეც", - განაცხადა შატილში მდებარე სასტუმროს მეპატრონემ, მაყვალა ჭინჭარაულმა.

„ჩემი სასტუმრო გუდანში მდებარეობს. გზის ჩაკეტის გამო, პრობლემა ჩვენც შეგვექმნა. ტურისტებისთვის მთავარი სანახაობა შატილსა და მუცოშია. გზის ჩაკეტვის გამო კი ტურისტები ჯერ არ გვყავს. მართალია, ზაფხულის სეზონის დასრულებამდე კიდევ არის დრო, მაგრამ თუ გზა დროულად არ გაიხსნა, ეს ჩვენს ბიზნესზე ცუდად აისახება. ტურისტებამდე ინფორმაცია მიდის და ალბათ, ბევრი მათგანი შატილში ჩასვლისგან თავს შეიკავებს", - აღნიშნა გუდანში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროს მეპატრონემ, ძილა ჭინჭარაულმა.

ავტორ(ებ)ი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.