ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შატილში ზაფხულში ჩამოშლილი კოშკის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება
31 ოქტომბერი, 2017

შატილში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩამოშლილი მე-6 კოშკის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო წელს დაასრულებს.

სააგენტოს მიერ დაფინანსებული აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. რესტავრატორების მიერ დაიშლა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. გაწმენდილ სამუშაო ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელიც კოშკის სახურავს და მის შენარჩუნებულ კედლის წყობას ზამთრის განმავლობაში კონსტრუქციული რეგრესისგან დაიცავს. ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოწყო. ფიზიკური სამუშაოები შპს „გრინველის“ მიერ განხორციელდა.

ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს კონტრაქტორი ფირმის სეციალისტები მომდევნო გაზაფხულიდან განაგრძობენ. კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში მე-6 კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მე-6 კოშკის საძირკველზე იყო მიმართული.
ჩამოშლილი კოშკის აღდგენაზე აღებული ვალდებულების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოფ. შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.