ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ხვანჭკარის მიკროზონაში ყურძნის გადამამუშავებელი კიდევ ერთი ახალი საწარმო შენდება. კომპანია „შატრო ველი“ თანამედროვე სტანდარტების ქარხანას სოფელ სადმელში აშენებს.
სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიით და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით. წარმოებული პროდუქცია სასაქონლო სახეს ადგილზე მიიღებს. პირველ ეტაპზე იგეგმება ორი სახის ღვინის - „ხვანჭკარას“ და „ოჯალეშის“ ჩამოსხმა.
კომპანია წლევანდელ რთველზე ადგილობრივი ფერმერებისგან 50 ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს, ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდგომ კი სეზონურად 100 ტონა ყურძენს გადაამუშავებს.
საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა, რომლის ჯამური ღირებულება 1 550 000 ლარს შეადგენს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის“, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და დამფუძნებელთა თანაინვესტირებით ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge