„შავი არქეოლოგია“ - ბირკიანში ღვთისმშობლის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღიკვეთა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა.
ინსპექტირების სამსახურმა „საყდრისის კომიტეტის“ წევრებიდან მიიღო შეტყობინება, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა.
სააგენტოს ცნობით, მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია.
კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე.
პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურმა უკვე მოამზადა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
www.travelingeorgia.ge