ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 5 მლნ ლარიანი პროექტი განხორციელდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, პროექტი 3 წლიანია. პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული ბილიკების განახლება, მათ შორისაა: შავი კლდეების ტბის, როჭოს ჩანჩქერის და მაჭის ციხის ბილიკები. ბილიკებზე განთავსდება ფანჩატურები, სველი წერტილები. შავი კლდეების ტბის მარშრუტზე კი, კიდევ ერთი კოტეჯი აშენდება.
შავი კლდეების ტბის მარშრუტზე ამ ეტაპზე 2 ტურისტული თავშესაფარია. პირველი ღამისთევის ადგილზე „მეტეო“ და მეორე ღამისთევის ადგილე „დემიდოვის ბინა“.
გიორგი სულამანიძის თქმით, 2019 წელს, როდესაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი ეწვია, „მეტეოს“ ტურისტული თავშესაფარი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა, შესაბამისად იგივე ადგილას ახალი კოტეჯის აშენების საჭიროება დადგა. ტურისტული თავშესაფარი იქნება თანამედროვე და მზის ენერგო სისტემით აღჭურვილი.
„კონტრაქტი უკვე დადებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარია. საბოლოო ჯამში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე უმაღლესი სტანდარტის ბილიკები იქნება“, - აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.
ამასთან, როგორც გიორგი სულამანიძე აღნიშნავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის ბუმია. უშუალოდ, დასახლებულ პუნქტებში, პანდემიის დროს, 10-მდე ახალი, სხვადასხვა ტურისტული ობიექტი მოეწყო.
business-partner.ge