ქუთაისში განსხვავებული სახელწოდებითა და კონცეფციით ახალი ჰოსტელი გაიხსნა. “შავი პომიდორი” ასე ჰქვია ჰოსტელს, რომელიც თბილისელმა გოგონებმა გახსნეს და მისი მართვა თბილისიდან დისტანციურად, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების პარალელურად გადაწყვიტეს.
ვინტაჟური სტილის ჰოსტელი საერთო ჯამში, 5 ნომერს აერთიანებს და სრული დატვირთვის შემთხვევაში, 30 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ჰოსტელი სასტუმროს ნომრებთან ერთად პატარა ბიბლიოთეკას და სამაგიდო თამაშების სივრცეს აერთიანებს. სატუმროს ნომრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია როგორც booking.com-ზე, ისე airbnb.com-ზეც.
“გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა იმისთვის, რომ არამარტო ტურისტები, არამედ ახალგზარდებიც შეკრებილიყვნენ, გვემასპინძლა სხვდასხვა ღონისძიებებისთვის და დაგეგმილი გვაქვს სხვდასხვა ვორქშოფები. გვინდა საინტერესო ადამიანები გავაცნოთ იქაურ ახალგაზრდებს. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ამ ქალაქს, რომ ტურისტულად მიმზიდველი იყოს – ერთგვარი საქართველოს გულია, ახლოს არის ზღვაც და მთაც. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ქუთაისში, შემდეგ მიდის მესტიაში. ფრენებმა ძალიან გაამარტივა ყველაფერი. დაახლოებით, 27 ქალაქიდან არის ფრენები”, – ამბობს “შავი პომიდორის” დამფუძნებელი ელენე ზამთარაძე.
როგორც ჰოსტელის დამფუძნებლები ამბობენ, სასტუმროს მოსაწყობად დაახლოებით 20 000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. სამომავლოდ “შავი პომიდორის” განვითარებაც იგეგმება. ამ მიმართულებით დამფუძნებლები ზაფხულში ღვინის ბარის გახსნასაც აანონსებენ.
bm.ge