გართობა-დასვენების სეგმენტში რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები პრობლემას ნაკლებად ელიან. ერთ-ერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს არაბული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შესაძლო კლება. როგორც ტურისტული კომპანიის „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნატალია კლიმიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, არაბები საქართველოში, ძირითადად, აზარტული თამაშებისა და გართობისთვის ჩამოდიან და ამ სეგმენტისთვის დაწესებული რეგულაციები მათი მხრიდან მოთხოვნას შეამცირებს.
,,ტურისტების სიმრავლე აშკარად იგრძნობა საქართველოში. ალბათ შესაბამისი სტრუქტურები მონაცემს დაითვლიან, თუმცა მანამდე, ციფრების გარეშეც ვხედავთ, რომ საქართველოს კურორტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალ დონეზეა. ბევრი მათგანი ტურისტული კომპანიების შემოთავაზებით უკვე ნაკლებად სარგებლობს. პირდაპირ სასტუმროებს და გიდებს ჯავშნიან და ისე ჩამოდიან საქართველოში. ეს ევროპელებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეების ის კატეგორიაა, რომელსაც ქვეყნის დათვალიერება და კულტურის გაცნობა უნდა. ამ მიზნით არაბები ნაკლებად ჩადიან სხვა ქვბეყნებში, მათ ძირითადად კაზინოები და გართობა იზიდავთ. შესაბამისად, ახალი რეგულაციები სწორედ ამ კატეგორიას შეეხება. სანამ შეზღუდვებია, არაბები საქართველოში ჩამოსვლას მოერიდებიან“, - ამბობს კლიმიაშვილი.
მისივე თქმით, მოთხოვნა საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მატულობს, რაც, გარდა უსაფრთხოებისა, შედარებით შეღავათიანი ტარიფითაც არის განპირობებული.
ზაფხულის სეზონზე რეგულაციების გავლენას ნაკლებად ვარაუდობს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია. მისი თქმით, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, რაც თურქეთში, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაშია, დამსვენებლებისთვის საქართველო მისაღებია. ამიტომ, რომ არა ,,წითელ ზონად“ გამოცხადება, კვარაცხელიას აზრით, ამ სფეროში მეტი წარმატების მიღწევა შეიძლებოდა.
„საზღვაო და მთის კურორტებზე ხალხმრავლობაა. მართალია, მესამედი არ იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვეულებრივ პერიოდში იყო, მაგრამ სფერო არ გაჩერებულა. ამ მხრივ ბათუმში დიდი აქტიურობაა. ყაზახეთიდან თვითმფრინავების დანიშვნას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ვხედავთ, რომ ამართლებს, არც უკრაინას აქვს უკეთესი შესაძლებლობა, ხანძრებია თურქეთსა და საბერძნეთში, კატაკლიზმებია და ადამიანებს ეზღუდებათ არჩევანი. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან ჩამოსული მოქალაქეების იმედად ვართ. 5 მილიონ ტურისტს ვიღებთით 1988 წელს და კაპიტალსიტური ქვეყნებიდან 200 ათასიც არ გვსტუმრობდა. ასე იყო ბოლო წლებშიც, პანდემიამდე დამსვენებლების 85% მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია „კომერსანტთან“.
მეცნიერის შეფასებით, პანდემიურ პერიოდში ტურიზმის განვითარების საუკეთესო მაგალითია იტალიის კურორტი კაპრი, სადაც მოსახლეობის 100% აიცრა.
„იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კუნძულ კაპრის ყველა მცხოვრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შედეგია, რომ დღეს კურორტზე მილიონობით დამსვენებელი ჩადის, ქვეყანამ საოცარი რამ გააკეთა. მოსახლეობა სრულად, 100%-ით აცრილია და ამის გამო არც რეგულაციების საჭიროებაა. შეზღუდვები, მათ შორის, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, არ მოქმედებს. აცრამ სასწაული მოახდინა“, - აღნიშნა ,,კომერსანტთან“ ნიკა კვარაცხელიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოში 231 000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს 73,8%–ით ჩამორჩება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
231 000 ვიზიტორიდან 138 412–მა საქართველოს საზღვარი საჰაერო გზით გადაკვეთა.
რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას, როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცველების მაჩვენებლით, რეკორდულ ნიშნულზეა. კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა.
commersant.ge