ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველომ მედეა, როგორც სამედიცინო ტურიზმის ბრენდი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს
09 დეკემბერი, 2021

რატომ ვერ ვითარდება სამედიცინო-რეკრეაციული ტურიზმი საქართველოში და შეიძლება თუ არა მედეას ქვეყანაში მედიცინა ბრენდის ერთ-ერთი სიმბოლო იყოს? — ამ თემებზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ რადიო “კომერსანტში“ თავის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიწვია. გადაცემის სტუმრის თქმით, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ზოიძის თქმით, საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ქვეყანაში იზრდება ისეთი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სხვაგან იშვიათად გვხვდება. მისივე თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სპა და ბალნეოლოგია განავითაროს.

„გარდა მედიცინისა, მედეას სახელი უკავშირდება მაგიას, გაახალგაზრდავებას. კავკასია ცნობილი იყო იმით, რომ ამდენი სამკურნალო მცენარეები, რომლებიც იზრდება და გამოიყენება ამ დანიშნულებით, მსოფლიოში იშვიათად გვხვდება. მცენარე, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, ძალიან ცოტაა მსოფლიოში და ამ რაოდენობით შეიძლება მხოლოდ ამაზონიაში შეგვხვდეს, ამას დავუმატოთ სპა და ბალნეოლოგია. თანამედროვე მედიცინაში შეიძლება ეს არ ითვლება უკვდავების საშუალებად, მაგრამ სპა ტექნოლოგიები დღემდე არის ერთ-ერთი ძირითადი იმპორტის, ექსპორტის თუ ტურიზმის წყარო და ჩვენ ეს პოტენციალი გვაქვს, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოშიც ვერ შევძელით მისი განვითარება.

ამდენი ხანია, სამედიცინო ტურიზმზე მიდის საუბარი და თუ მედეას სახელს არ დააკავშირებ და ქვეყნიდან არ გაიტან, რატომ უნდა ჩამოვიდეს ვინმე სამედიცინო ტურიზმის მიზნით საქართველოში? ჩვენ არ გვაქვს ყველაზე მაღალი კლასის და ხარისხის სამედიცინო მომსახურება, თუმცა ამ ბოლო დროს გარკვეული მიმართულებით რეგიონული მნიშვნელობა შევიძინეთ, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან კარდიოქირურგიის და სხვა მიმართულების სამედიცინო მომსახურებისთვის ბევრი ადამიანი ჩამოდის, როცა პირიქით — ჩვენ ჩავდიოდით სხვაგან, მაგრამ, როდესაც გინდა ასეთი ბრენდის შექმნა და ხარ მედიცინის ფუძემდებელი ქვეყანა, ეს უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ მედეას მხოლოდ ერთი ძელგი გვაქვს ბათუმში“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი საკმაოდ დომინირებულია, რასაც, ზოიძის თქმით, მინუსებთან ერთად უზარმაზარი პლუსებიც აქვს, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

“დღეს კერძო სექტორში უზარმაზარი ინვესტიციაა გაკეთებული, რაც 7 წლის განმავლობაში 1 მილიარდ 4 მილიონს შეადგენს. ეს საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ მთელი რიგი დარგები გვაქვს განვითარებული. ესენია: სტომატოლოგია, ნეიროქირურგია, პლასტიკა. ამ პირობებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მედეა დავიყენოთ როგორც ქართული მედიცინის, განახლების, მარადიულობის სიმბოლო. გარდა ამისა, ასეთი ბუნება გაქვს, სპა, ბალნეოლოგია, ფიტო, ყველაფერში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება. აქ მხოლოდ სიძველეზე არ იქნება საუბარი. უნდა გავიხსენოთ ისტორია და გამოვიყენოთ ეს ხიდად მომავლისკენ, ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით შევძლოთ მომავალში გადავიდეთ და რაღაც კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ, რაღაც კონკურენტული ისტორიულად უკვე გვაქვს, მთავარია ამის რეალიზაცია მოვახდინოთ.

ამ სფეროში კერძო კაპიტალი არის, მთავარია ეს კაპიტალი სწორად მივმართოთ და დავანახოთ ეს მხარე, რომელიც შეიძლება ბევრმა დაინახოს, მითუმეტეს ინტეგრირებული ქსელების განვითარების პირობებში, როდესაც შენ გაქვს საავადმყოფო, გაქვს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი, ამავდროულად შენ შეიძლება გქონდეს რეაბილიტაციის სერვისები ქვეყანაში, რომელიც განვითარებული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“.

აკაკი ზოიძის თქმით, მთელ მსოფლიოში რეაბილიტაციის კომპონენტში სპა, ფიტო, ტრადიციული მედიცინის მეთოდები ის დარგია, რომლის შეკვრა ერთიან კონცეფციაშია შესაძლებელი, რაც 5-წლიან პერსპექტივაში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ნიშნავს.

“ჩემი აზრით, ახლა მაინც არის შესაძლებლობის ფანჯარა, იმიტომ რომ ის პირველი შედეგები, სარგებელი, ინვესტიციაზე მიღებული მოგება, პირდაპირი ან არაპირდაპირი შემოსავალი ამ დარგმა უკვე გამოიარა და ბაზარი გაჯერდა, დღეს ახალი ნიშებია მოსაძიებელი და უბრალოდ რეკლამა — მე რომ საუკეთესო ექიმები მყავს, აღარ არის საკმარისი, შენ შენი ახალი სიტყვა უნდა თქვა, რომ დააინტერესო ის ინვესტორები, რომლებმაც უკვე გამოცდილება შეიძინეს და მათ ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეთ, დაწყებული პირველადი პრევენციიდან, დამთავრებული რეაბილიტაციამდე. ყველაფერი ეს ერთად უნდა შეიკრას. ამას სჭირდება სწორედ ეს მიდგომა, რომ უნდა გვქონდეს მთლიანი კონცეფცია. ამ შემთხვევაში, მაგალითად, კურორტი თავისი სპა პროცედურით, რაღაც კლასტერი უნდა შექმნა და შესთავაზო, სპინალური ავადმყოფი იქნება ის, გრძელვადიანი ინსულტ გადატანილი, თუ სხვა.

აქ შეგიძლია, რომ ჩამოიყვანო და რეალურად შესთავაზო რეაბილიტაცია და პლუს მკურნალობა. ამას დამატებით სერვისები უნდა მიაბა, მოკლე სეზონის პირობებში ძნელია პერსპექტივის დანახვა, საქართველოში ყველა ზონაში შეიძლება ესეთ ადგილის მოძებნა, დაწყებული მთიანი ზონით, დამთავრებული ზღვისპირეთით. არ არსებობს ადგილი, სადაც სამედიცინო სერვისის მოწყობა არ შეიძლება.

ჩემი აზრით მედეა არის კომპლექსი, რასაც ჰქვია გაახალგაზრდავება, რეაბილიტაცია, კურორტი, უკვდავება... შეიძლება ეს ყველაფერი ერთიან ბრენდში შევკრათ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.