თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5*-იანი სასტუმრო შეკვეთილში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს და ამჟამად მხოლოდ თანამშრომლებს მასპინძლობს. როგორც „კომერსანტს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს სასტუმრო წელს შემოდგომაზე გაიხსნება, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
Paragraph Hotel & Spa Resort-ში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი და ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი.
სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.
Paragraph Hotel & Spa Resort-ში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3500 კვმ. ზამთრის ბაღი, რომლის ინფრასტრქტურა ახალ გამოცდილებას მისცემს სტუმრებს, ასევე აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას, ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწინვალე კერძებს დააგემოვნებენ.
გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს.
სასტუმროში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.
პატარა სტუმრებს, ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, ელოდებათ თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.
შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესათავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს.
(ფოტოების ავტორი: რეზო კაკულია)
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge