შემცირებული მომხმარებლები, განახევრებული გაყიდვები, დახურული მაღაზიები - რითეილ კომპანიებს პანდემიური რეალობა
ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნასთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა ბიზნესმა უკვე დაიწყო. შემცირებული მომხმარებლები, განახევრებული გაყიდვები და გაუფასურებული ლარი. რთული ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღე რთულდება. კომპანიების ნაწილი უკვე გაკოტრდნენ ხოლო ნაწილმა ბაზარი საქართველოს ბაზარი დატოვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა კოვიდ 19 -ის პირობებში როგორ აგრძელებენ ოპერირებას რითეილ კომპანიები.
„collezione“, „OVS“, „Penti“, „Terranova“, „English Home“, „Enza Home“ - „Gtex“ ჯგუფში შემავალი 4 მაღაზია უკვე დაიხურა, თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ბასილაძე, აცხადებს უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მათგანის დაკეტვა იგეგმება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და ზარალზე მუშაობს. „კომერსანტთან“ საუბარში ბასილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოსაგან განსხვავებით კომპანიას ზურგს უცხოელი პარტნიორები უმაგრებენ. მისი თქმით, სახელმწიფოს ძალიან ბევრი მუშაობა და ჭკვიანური გადაწყვეტილებები სჭირდება, რათა ქვეყანა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიდეს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მას არც დღეს, არც გუშინ და არც გუშინწინ მთავრობის მხრიდან მიღებული სწორი გადაწყვეტილებები არ უნახავს.
„მდგომარეობა ზუსტად ისეთია, როგორსაც ვფიქრობდით - სამთვიან ჭრილში თუ შევხედავთ სიტუაციას კატასტროფული მდგომარეობაა. დეკემბერი - იანვარი დაკეტილები ვიყავით, მუშაობა თებერვლიდან დავიწყეთ. თუ დეკემბერს, იანვარი და თებერვალს წინა პერიოდებს შევადარებთ შედეგი არის კატასტროფული. მაგრამ თებერვალი წინა თებერვალს, რომ შევადაროთ უკეთესად დავიწყეთ, თუმცა ამის მიზეზი არის ის, რომ იანვარი და დეკემბერი არ არსებობდა, ბაზარზე კი დაგროვებული მოთხოვნა გაჩნდა. ახლა ეკონომიური რეცესიის და პანდემიური სიტუაციის რეალობაში ვართ. მარტი იქნება რეალობა, რადგან ბაზარზე არანაირი დაგროვებული მოთხოვნა აღარ არის და შესაბამისად თებერვალი თუ მატყუარა იყო და ბევრი ხალხი მივიღეთ, ახლა უკვე მოთხოვნა ამოიწურა და უკვე პანდემიური მარტს თვალებში ვუყურებთ“, - განაცხადა გიორგი ბასილაძემ.
„Gtex“ ჯგუფისგან განსხვავებით ობიექტებს ჯერჯერობით ინარჩუნებს „მეგასპორტი“. თუმცა არც იმ კომპანიის ფინანსური მდგომარეობაა სახარბიელო, რომელიც ისეთი საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა „The North Face“, „timberland“, „Diesel“ და „Dainese“. კომპანიის დირექტორის მოადგილე ბიჭიკო ყელბერაშვილი აცხადებს, რომ პროდუქციის გაყიდვები გაჩერებულია. მისი თქმით, ხალხის მასაში აღარ არის ის მოძრაობა, როგორიც მანამდე იყო, შესაბამისად „მეგასპორტს“ პროდუქცია ვერ ჩამოაქვს.
„ჯერჯერობით გადარჩენისთვის ვმუშაობთ, იმისთვის, რომ ყველა ფილიალი შევინარჩუნოთ. ჩვენი პრინციპია, რომ არც ერთი ფილიალის დახურვა და თანამშრომლების გათავისუფლება არ მოგვიწიოს. პირველ რიგში ამ საკითხებზე ვზრუნავთ. რა თქმა უნდა მომავალში გვაქვს იმის იმედი, რომ წინ წავალთ და დავუბრუნდებით იმ ათვლის წერტილს სადაც გავჩერდით.თუმცა, ერთი წელია მთელი რიგი ნაბიჯები წინ წასვლის მაგივრად უკან მიდის. გაყიდვებს თუ წინა თვეს შევადარებთ კიდევ უფრო შემცირებულია ვიდრე იყო, მაგრამ თუ ჯამში იმ საწყის ეტაპს ავიღებთ, რომელიც პანდემიამდე გვქონდა, დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული. სექტორი პანდემიამდელ მდგომარეობას კარგ შემთხვევაში 2-3 წელიწადში დაუბრუნდება, ცუდ შემთხვევაში კი 5 წელიწადში“, - ამბობს ბიჭიკო ყელბერაშვილი.
ბიჭიკო ყელბერაშვილი გვიყვება, რომ კომპანია ჯერჯერობით ყველა ბრენდს კბილებით ინარჩუნებს. მისი თქმით, დღეს „მეგასპორტისთვის“ ახალი ბრენდის შემოყვანა სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება რთული დასაგეგმია. კომპანიის დირექტორის მოადგილე „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც რითეილ კომპანიების მუშაობას აფერხებს.
„ლარის კურსის არასტაბილურობა პირდაპირი აისახება პროდუქციის ფასზე, რადგან ევროპიდან შემოდის, ნაწილი ევროში ხოლო ნაწილი დოლარში, რაც ლარში ავტომატურად ძვირი გამოდის. ეს მომხმარებელზე ისახება, პროდუქტი ძვირდება, გადახდისუნარიანობა მოკლებულია რა დროსაც მომხმარებელი ზიანდება და კომპანიაც. შესაბამის შედეგს ვერ ვაღწევთ. დღეს ყველაზე დიდი სირთულე, ტურისტების ნაკლებობა, დღგ-ის წინასწარი გადახდა და რა თქმა უნდა კომენდანტის საათია. როდესაც შოპინგის დრო დგება გვიწევს მაღაზიების დაკეტვა, მომხმარებლების თითქმის 90% ვინც ჩვენთან შოპინგობს, მაგ დროს მუშაობს. 7 საათზე მაღაზიის დაკეტვა ცოტა რთულია, მაგრამ არსებულ სიტუაციას ვეგუებით“, - განმარტავს ბიჭიკო ყელბერაშვილი.
commersant.ge