ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია: “კრიზისი გადაივლის მალე, თუ სწორად ვიმოქმედებთ”
24 ივნისი, 2019

კრიზისი გადაივლის მალე, თუ სწორად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “შემომყვან ტუროპერატორთა” ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი წერს. ის ეხმაურება კრემლის გადაწყვეტილებას – აიკრძალოს ფრენები საქართველოს მიმართულებით და რეკომენდაციას, რომ ტუროპერატორებმა შეაჩერონ საქართველოში მომსახურების გაწევა.

“რამდენიმე სიტყვით შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე: რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას მოჰყვება შემოსავლების საგრძნობლად შემცირება მასპინძლობის ინდუსტრიაში (განსაკუთრებით სასტუმროებს და კვების ობიექტებს შეეხებათ). კრიზისი გადაივლის მალე თუ სწორად ვიმოქმედებთ. მომდევნო წლის ტურისტული სეზონი იქნება დაცული და შემოსავლიანი, თუ მაქსიმალურად მოვიზიდავთ ევროპელ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკელ, დსთ-ს, ახლო აღმოსავლელ, სამხრეთ აზიელ და სხვ. ქვეყნებიდან ტურისტებს.

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, ახალი ავია-კომპანიების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ქვეყნის სწორი პოზიციონირება ტურიზმის საერთაშორისო არენაზე (სერვისი როგორმე “გაქაჩავს”, თუმცა დასახვეწია). ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა უნდა მოხდეს გააზრებულად, სავიზო რეგულაციების და მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ზამთრის კურორტებზე ნაკლებ რუს დამსვენებელს ვიხილავთ, ასევე ცოტა ევროპელს მანამ, სანამ არ გვექნება მაღალი დონის კურორტები. ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია სწრაფად და დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს არჩევანზე და ქმედებაზე! მშვიდობას და ლამაზ მომავალს გისურვებთ”,- წერს ია თაბაგარი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.