ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შერატონ მეტეხი პალასი ერთი წლის დაგვიანებით გაიხსნება
30 ივნისი, 2017

"შერატონ მეტეხი პალასი" ერთი წლის დაგვიანებით გაიხსნება. კომერციულ საკითხებში კომპანია Rakia Georgia-ს დირექტორის მრჩეველმა ბექა ხრიკაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, რომ სასტუმროს რენოვაცია გვიან დაიწყო, რის გამოც მისი გახსნაც გადაიდო. 

ბექა ხრიკაძის ინფორმაციით, სასტუმროს გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, „შერატონ მეტეხი პალასი“ წლის ბოლოსკენ უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

"ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს ყველა ტიპის სამუშაოები - ფასადის, განათების, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად, შიდა გაყვანილობები, ელექტროვენტილაცია, კონდენცირება და ა.შ. მანამდე სასტუმროს გახსნას სექტემბერში ვგეგმავდით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭიანურდა. სექტემბერში თითქმის ყველაფერი დასრულებული იქნება, თუმცა, არ გვინდა, რომ მიფუჩეჩებულად გავხსნათ, ამიტომ წვრილმან სამუშაოებსაც დავუცდით, რომ სრულფასოვნად მოხდეს რეკონსტრუქცია",- აცხადებს ბექა ხრიკაძე. 

მისი ინფორმაციით, რენოვაციაში 45 მილიონი დოლარი ჩაიდო. განახლებულ შერატონში 220 ნომერი იქნება, ასევე გაფართოვდება აუზი, მოეწყობა სპორტ დარბაზი შიდა აუზით. 

ბექა ხრიკაძის თქმით, გაკეთდება სადღესასწაულო დარბაზი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი იქნება. 

დირექტორის მრჩეველის თქმით, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები კაზინოს მოსაწყობადაც. 

შეგახსენებთ, რომ "შერატონ მეტეხი პალასი" რაკია ჯორჯიამ 2014 წლის ბოლოს დახურა და რენოვაცია დაიწყო. იგეგმებოდა, რომ სასტუმრო 2016 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.