შანსი ქართული სასტუმროებისთვის - კარანტინი ევროპაში მიმავალი ჩინელი სპეციალისტებისთვის და ფასიანი ვაქცინაცია ირანელებისთვის
საქართველომ, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ, უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ ჩინური კომპანიების იმ სამუშაო
ძალას უმასპინძლოს, რომელიც ევროპაში მიემგზავრება და კარანტინის გავლა მესამე ქვეყანაში უწევს.
ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ სასტუმროების და რესტორნების
ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით საქართველოში ტურიზმის
სექტორისთვის ყველაზე დაუტვირთავ სეზონად ყოველთვის ნოემბერი ითვლებოდა და ფედერაცია სწორედ
ახლა ცდილობს სექტორის გადარჩენისთვის გამოსავლის პოვნას.
„ტურიზმის სექტორში ნოემბერი ყოველთვის ყველაზე დაბალდატვირთულ სეზონად ითვლებოდა,
ჩვენ ყოველთვის ვეძებდით და განსაკუთრებით ახლა ვეძებთ გამოსავალს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ
იმისთვის, რომ არ გავჩერდეთ და არსებული სასტუმროები და ობიექტები არ გაჩერდეს. ამჯერად
საუბარია თბილისზე და ბათუმზე, რეალურად ამ პერიოდში ძალიან ბევრი სასტუმრო იკეტება და
დაიკეტა, რაც შეეხება დატვირთულობას , ნოემბერში ეს მაჩვენებელი 7-8%-ს ვერ სცდება.
ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ ჩინეთიდან კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ, ეს ადამიანები ევროპაში
მუშაობენ და აქვთ ვალდებულება, რომ სამკვირიანი კარანტინი ევროკავშირის გარეთ, რომელიმე ქვეყანაში
გაიარონ. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ტურისტები, ესენი არიან მაღალკვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც
მუშაობენ ევროპაში და ამის შემდეგ ევროკავშირის ზონაში უნდა შევიდნენ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია ჩინეთში,
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან და ამ ეტაპზე მხოლოდ ფრენების დალაგებაა დარჩენილი.
ჩვენ მათ უკვე ვაჩვენეთ ბათუმი და თბილისი. ერთადერთი კითხვა, რაც მათი მხრიდან იყო, არის ის, რომ
დავიტევდით თუ არა ამდენ ადამიანს, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში გვაქვს 25 000 თავისუფალი ოთახი
ხოლო თბილისში 15000, დარწმუნდნენ რომ საკარანტინე სივრცედ საქართველოს გამოყენება შეიძლება,
ამ ეტაპზე მხოლოდ ფრენების დალაგებაზე ვმუშაობთ რისთვისაც 2 კვირა გვჭირდება“ - აღნიშნა შალვა
ალავერდაშვილმა.
მეორე ინიციატივა, რაზეც გადაცემაში ალავერდაშვილმა ისაუბრა, საქართველოში ირანის მოქალაქეების
ფასიან აცრას ეხებოდა. მისი თქმით, ირანის მხრიდან ამ მიმართულებით დაინტერესება მაღალია.
„დღეიდან ირანის მიმართულებით იხსნება ფრენები, ირანის მხრიდან დიდი დაინტერესებაა,
რომ საქართველოში აცრისთვის ჩამოვიდნენ. ეს პროცესი შემდეგნაირად წარმოგვიდგენია: ადამიანები
ჩამოდიან ირანიდან, გადაგვყავს პირდაპირ სასტუმროში, კარანტინში იკეთებენ პირველ აცრას და
სამი კვირა რჩებიან კარანტინში, ვიდრე მეორე აცრას არ გაიკეთებენ, ამის შემდეგ ბრუნდებიან ირანში.
ეს არის უსაფრთხო გზა იმისთვის, რომ ახალ ახალი შტამებისგან თავი დავიცვათ.
როგორც მოგეხსნებათ ირანში აცრის საშუალება მხოლოდ სპუტნიკი და სპუტნიკ ლაითია. აქედან გამომდინარე,
მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამ მეთოდს დიდი ხანია რაც სომხეთი იყენებს და მათთან სასტუმროები სავსეა,
თუმცა სომხეთიც მხოლოდ სპუტნიკით ცხრის ხალხს. ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი ვაქცინა და შეგვიძლია,
რომ ეს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის საკითხს დამოუკიდებლად ვერ
გადავწყვეტთ და დასტური მთავრობისგან გვჭირდება,
ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან ერთი კლინიკის გამოყოფა ან სამედიცინო ჯგუფის გამოყოფა გვჭირდება,
რომლებიც ჩამოივლიან იმ სასტუმროებში, სადაც ეს ხალხი იქნება განთავსებული და აცრიან. კოვიდ
სასტუმროების და კარანტინების მიმართულებით ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და
შეგვიძლია რომ ყველანაირ ექსესს თავი ავარიდოთ.“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშილმა.
ალავერდაშილის თქმით ამ ეტაპზე ყველაფერი დალაგებულია, სასტუმროების და რესტორნების
ფედერაცია ავიახაზებს მოელაპარკა და ისინი ფრენებს ორ დღეში ერთხელ განახორციელებენ და
ჯგუფებს ჩამოიყვანენ. მისივე თმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიოფსგან ელოდებიან პასუხს,
რომელსაც, ალავერდაშვლის ვარაუდით, ერთ კვირაში მიიღებენ. ალავერდაშვილი ასევე ვარაუდობს
რომ ამ პროგრამით თვეშ 10 000 ადამიანის აცრას შეძლებენ.
commersant.ge