ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა, ხოლო ამბროლაურის აეროპორტში 27%-ით შემცირდა
23 ოქტომბერი, 2023
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას.
 
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
 
2023 წლის პირველ 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 2 764 471 მგზავრს, რაც 27%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.
 
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 216 197 მგზავრს, რაც 100%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას და 93%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 193%-ს შეადგენს.
 
2023 წლის 9 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 525 130 მგზავრს, რაც 6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი შეადგენს 100%-ს.
 
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 9 თვის დაჯამებული მონაცემებით 8 125 მგზავრს მოემსახურა, რაც 17%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 25%-ით მეტია ვიდრე პანდემიამდე, 2019 წლის სამ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობა.
 
ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 9 თვეში 1 575 მგზავრი მიიღო, რაც 27%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 4%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას.
 
2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 104%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10%-ს შეადგენს. აეროპორტი 13 968 მგზავრს მოემსახურა.
 
იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 19 460 რეისი შესრულდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 101%-ს შეადგენს.
 
2022 წლის 9 თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 66%-ით, იგივეა ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ, გასულ 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 171 111 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2023 წლის ცხრა თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13 166.292 ტონა შეადგინა. შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.