ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შიდა ფრენების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს ხანებში გამოცხადდება
31 იანვარი, 2023

უახლოეს ხანებში შიდა ფრენების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფასები მოგვცემს საშუალებას, რომ რაღაც კალკულაციები მოვახდინოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ავიაბილეთის ფასები იყოს მგზავრისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, თელავის აეროპორტიდან ბათუმის, მესტიისა და თუშეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება.

„თელავის აეროპორტს ჰყავს კერძო მფლობელი, თუმცა მას აქვს საინვესტიციო პირობები. აეროპორტის მფლობელებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა გაუმჯობესდეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტმა შეძლოს მეტი ფრენის შესრულება. მოვიაზრებთ, რომ თელავის აეროპორტი შესაძლოა გამოყენებული იყოს შიდა ფრენებისთვის. ვფიქრობთ, განვიხილოთ თელავი-ბათუმის მიმართულება. ასევე, თუ ფინანსური რესურსები საშუალებას მოგვცემს, შეიძლება სხვა მიმართულებაზეც ვიფიქროთ – შეიძლება ეს იყოს თელავი – მესტია, ასევე, შესაძლოა მომავალში იყოს თუშეთში ფრენები. სამინისტრო ინტენსიურად სწავლობს, რომ იქ, ადგილობრივად მოეწყოს მცირე აეროდრომი, რომელსაც გამოვიყენებთ ფრენებისთვის. თელავის აეროპორტთან გვაქვს საინტერესო გეგმები. 2023 წელს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება. მათ შორის მგზავრთა უსაფრთხოების შემოწმების დანერგვის კუთხით. ამ საკითხს აეროპორტების გაერთიანება მფლობელთან ერთად გადის“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახება.

ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს.

რაც შეეხება თელავის აეროპორტ “მიმინოს ის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, სადაც სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები ხორციელდება.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი.

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.