საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შიდა ავიარეისებზე ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომლის მთავარი პირობა იქნება ის, რომ მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბილეთების ყიდვის სისტემა და უფრო მოქნილი გახდეს მგზავრებისთვის არსებული სერვისი.
„ხელშეკრულებას, რომელიც 2018 წელს არის გამოცხადებული, ვადა ეწურება. საჭიროა ახალი მომსახურების შესყიდვა. ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს. კერძო სექტორისგან ვხედავთ საკმაოდ დიდ დაინტერესებას. რამდენიმე კომპანია გეგმავს ამ ტენდერში მონაწილეობის მიღებას. დავამატებთ ახალ მიმართულებებს, როგორიცაა თელავი-მესტია, მესტია-ბათუმი, თელავი-ბათუმი და ა. შ. რაც შიდა ტურიზმის და ჩვენი მოქალაქეების სწრაფ მობილობას ხელს შეუწყობს.“-აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე განმარტებით, შიდა ფრენების პროექტი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს წარმოადგენს.
„შიდა ფრენები მთელ მსოფლიოში, მითუმეტეს, ისეთი ზომის ქვეყანაში როგორიც საქართველოა, წარმოადგენს სოციალურ პროექტს, რადგან მნიშვნელოვანია შევქმნათ სერვისი. კომერციულად ის ვერ იქნება საინტერესო. ის ღირებულება, რომელსაც მგზავრები იხდიან ცალსახად სოციალურია, კომერციული ფასი სამი ოთხჯერ მეტია. ამასთან, ამ სერვისს გააჩნია თავისებურება, რომ მიმართულებების მიხედვით ახასიათებს სეზონურობა. მოცემული მომენტისთვის ბათუმის მიმართულებით ნაკლებია მოთხოვნა, თუმცა რაც შეეხება მესტიას, მოთხოვნა დიდია და ოთხივე სეზონზეა გათვლილი. ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთების ნაკლებობაც კი არის. 2018 წელს არსებული მოთხოვნა ცალსახად ძალიან გაზრდილია.“-აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბრისიდრებს, AK-Air Georgia ასრულებს. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა. მას შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
bp.ge