ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ ავითარებს მთავრობა შიდა ტურიზმს, თუნდაც ევროპულ მაგალითზე
02 დეკემბერი, 2021

პანდემიამ გლობალური ტურიზმის გზრდა დროებით შეაჩერა. ამ დარგის ფინანსური დანაკარგი უკვე 1 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა. შექმნილ სიტუაციაში, როცა კორონავირუსის შიშით უცხო ქვეყნებში მოგზაურობა და დასვენება ინტერესს კარგავს, ქვეყნები მთელი ძალებით ცდილობენ შიდა ტურიზმის განვითარებას, ვის რა შესაძლებლობაც გააჩნია. სპეციალისტების განცხადებით, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ტურიზმის ტრადიციის მქონე ქვეყნებთან შედარებით საქართველოს პოტენციალი, სამწუხაროდ, მცირეა.

მეტიც, ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველოში შიდა ტურიზმის ტრადიცია საერთოდ არ არსებობს. ამის მიზეზად იგი ქართული კურორტების მოუწესრიგებლობას, სერვისების დაბალ ხარისხს და განათლების დეფიციტს მიიჩნევს. კვარაცხელია შიდა ტურიზმის განვითარების საუკეთესო მაგალითებად შვედეთსა და გერმანულენოვან ქვეყნებს მიიჩნევს. მისი თქმით, ამ ქვეყნებში თაობები აღზარდეს და სპეციალური განათლება მისცეს, რომ შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ.

,,შიდა ტურიზმი განცხადებების დონეზე ვერ განვითარდება, ამას სჭირდება დიდი ხელშეწყობა და ასევე  ტრადიცია, როგორიცაა ევროპის მაგალითი, შვედეთი და გერმანულენოვანი ქვეყნები, სადაც მზად აღმოჩნდნენ, თაობები აღეზარდათ და სპეციალური უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ.  ამ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება ე.წ. დასვენების გაკვეთილები და ჰყავთ პედაგოგი, რომელიც ორგანიზებას უწევს სწავლებას დასვენების პერიოდში.  შესაბამისად, ბავშვები, რომლებიც სასკოლო არდადეგებზე ისვენებენ, სპეციალურ კურსს გადიან და,,თავისუფალი დროის პედაგოგიკას“ სწავლობენ.  ამით თანდათან ეჩვევიან,  სწორად განსაზღვრონ,  რა არის ექსკურსია, ქვეყანა, მისი დათვალიერება,  რისთვისაც  მთელ ევროპაში არის ახალგაზრდული ტურბაზა - დაწესებულება, რომელიც არაჩვეულებრივ ძველებურ შენობებშია  განთავსებული, შედგება საძინებელი და  საკლასო  ოთახებისგან და ბავშვების დროებით საცხოვრებლად არის გათვალისწინებული.  ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს დასვენება ბავშვობიდანვე სისხლში აქვთ გამჯდარი. ვერც ერთი ევროპელი ბავშვი კლასიდან კლასში ვერ გადავა, თუ ექსკურსიაზე არ არის ნამყოფი. ვისაც ფული არ აქვს, ამ ხარჯს მთლიანად სახელმწიფო ფარავს“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

ანალოგიური მიდგომაა აშშ-შიც. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ბავშვების აღზრდა-განვითარება ამ ქვეყანაშიც დიდწილად ტურიზმზეა მიბმული,  ხოლო უკვე უნივერსიტეტებში სწავლებისას აქცენტი საერთაშორისო ტურებზე კეთდება.

,,ყველა ქვეყანა სხვა რომელიმეს უწევს პროპაგანდას, აშშ ევროპულ ქვეყნებს,   გერმანიას,  ფინეთს ან შვედეთს  ან  კიდევ რომელიმე სამხრეთ ევროპულ ქვეყანას. ტრადიციის მსგავსი ჩვენ არაფერი გვაქვს შიდა მოგზაურობებთან დაკავშირებით და ამიტომაა კიდეც, რომ ეს დარგი საქართველოში ვერ განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მსყიდველობითუნარიანობიდან გამომდინარე, ბრენდი სასტუმროები და, მით უმეტეს, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ნამდვილად დიდი რაოდენობით არ სჭირდება. შესაბამისად, საშუალო კლასის სასტუმროებმა მოიმატეს, გაჩნდა სეგმენტი ინფრასტრუქტურაში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს და შესაბამის მომსახურებას უწევს ხალხს მისაღებ ფასებში. ეს ერთადერთი ფაქტორია, რაც არეგულირებს ქაოსს ტურიზმში“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია ,,კომერსანტთან“.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც საერთაშორისო ტურები შეწყდა, დარგის გადარჩენის ერთადერთ გზად მთავრობამ შიდა ტურიზმის განვითარება დაასახელა.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში შიდა ვიზიტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს. გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, როგორც ვიზიტების რაოდენობამ, ისე დანახარჯებმა პრე-პანდემიურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 4.2 მლნ-ს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება, 2020 წელთან შედარებით კი გაორმაგებულია. შიდა ვიზიტორების დანახარჯებმა 610 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 71%-ით, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 128%-ით მეტია. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.