შიდა ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა – რომელ რეგიონებს სტუმრობენ ადგილობრივი ტურისტები ყველაზე ხშირად?
საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 987 700–დან 977 500 ვიზიტორამდე შემცირდა.
15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის პირველ კვარტლის მონაცემებით, აჭარაში 102 300 ვიზიტი განახორციელეს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (104 200 ვიზიტი) შემცირებულია.
„საქსტატის" მონაცემებით, აჭარის რეგიონზე მოდის შიდა ვიზიტების 13% და ამ მაჩვენებლით რეგიონებს შორის, აჭარა იმერეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, სულ რეგიონს იანვარ-მარტში 85 500 შიდა ვიზიტორი ეწვია და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (92 700 ვიზიტორი) ჩამორჩება.
ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ თვიურად 980 900 ვიზიტი (2016 წლის პირველ კვარტალში 989 900 ვიზიტი) განახორციელეს. შიდა ვიზიტორების რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში სულ 796 500-ს მიაღწია, 2016 წლის პირველ კვარტალში - 815 600-ს.
"საქსტატის" მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 26,9%, იმერეთი - 20,1%, აჭარა- 10.4%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7,9%, კახეთი - 7,1%, ქვემო ქართლი - 6,3%, შიდა ქართლი - 7,3%, სამცხე-ჯავახეთი - 4,7%, მცხეთა-მთიანეთი - 5,5%, გურია - 2,8%, რაჭა - 1%, აფხაზეთი - 0,2%.
ვიზიტორების ხარჯებმა 112,2 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 114,8 ლარით განისაზღვრა. საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის კვებაზე (საშუალოდ დღეში 24,5 ლარი), საყიდლებსა (35,9 ლარი სშუალოდ) და ტრანსპორტზე (22 ლარი საშუალოდ) გაწეული.
ვიზიტორთა 48,2% ვიზიტის შედეგით კმაყოფილია, ძალიან კმაყოფილი 29,5%, 16%- არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო, უკმაყოფილო - 3,7%, ძალიან უკმაყოფილო - 0,7%, მიჭირს პასუხი - 0,6%.
ვიზიტების უდიდესი წილი 55,2% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 4,6%-ია, შოპინგი - 12,2%, მკურნალობა-გაჯანსაღება - 12,7%.
ავტორ(ებ)ი: კომერსანტი