ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"შინაარსზე და არა სმა-ჭამაზე ორიენტირებულ სასკოლო ექსკურსიებზე მოთხოვნა იზრდება"
10 მაისი, 2023

ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა შინაარსობრივად დატვირთულ და გიდების მომსახურებაზე ორიენტირებულ სასკოლო ექსკურსიებზე, სადაც კვების ნაწილს მცირე ნაწილი ეთმობა.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ელზა ბებიამ განაცხადა.

„ტური უნდა იყოს საგანმანათლებლო და არა - ჭამაზე ორიენტირებული, როგორც ეს ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ხდება. მაგალითად ავიღოთ ექსკურსია ასურეთში. გზად არის ადგილი, სადაც წინასწარ ვუკვეთავთ სადილს, რომელიც უკანა გზაზე გამზადებული გვხვდება და ამ პროცესს მხოლოდ ნახევარი საათი მიაქვს. დანარჩენი დრო მთლიანად ტურის შინაარსობრივ მხარეს ეთმობა,“ - აღნიშნა ბებიამ. მისი თქმით, ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ხშირია „ჭამა-სმასა“ და მშობლის ინტერესებზე ორიენტირებული ექსკურსიების პრაქტიკა, რომლის შემდეგაც ბავშვები ვერც კი იხსენებენ, რა მოინახულეს, რა ახალი ინფორმაცია გაიგეს და ა.შ. მისი თქმით, ექსკურსიის შინაარსი და მარშრუტი მშობლებსა და პედაგოგებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ბებია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამართულ ტრანსპორტზე, რომელიც სასკოლო ექსკურსიებისთვის დაწესებულ რეგულაციებს აკმაყოფილებს, საკმაოდ დიდი დეფიციტია. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, საწვავის გაიაფების მიუხედავად, ფასები არ შეცვლილა.

ელზა ბებიას თქმით, ექსკურსიების დამკვეთებს შორის არის როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლები და მათი წილი 50-50-ზეა.

თბილისის მასშტაბით ტურების შერჩევა მშობლებს შეუძლიათ ფეისბუქ გვერდის „თბილისური სახლების ისტორია“ საშუალებით.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.