შოთა ბურჯანაძე - ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება!
„1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება“, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნებისთვის დაწესებული რეგულაციების კონტროლი არ ხორციელდება.
„ჩვენი მოთხოვნა არის „მწვანე ზონა“ დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას უსაფრთხოდ შეეძლოს იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დღეს აკრძალულია.
1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა "ივენთის" და ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“. ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები იქნება დაცული? ვერ იქნება. რეგულაციების დაცვის კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგიერთი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით არ იცავს რეგულაციებს. ზოგი შემალულად არ იცავს, ზოგიც ამბობს და არ იცავს და ასეთი ქაოტური ვითარება გვაქვს. არავინ არის ამის გამაკონტროლებელი. დღეს ერთი დღით თუ ვიღაც დაიცავს რეგულაციას, ხვალ მერწმუნეთ, რომ ამის დაცვის რეალობა არ გვექნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში".
საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან. რესტორნების მენეჯერების უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ რეგულაციის ამოქმედებით პრაქტიკულად დაკარგეს მომხმარებელი და დახურვის ზღვარზე დგანან.
commersant.ge