შოთა ბურჯანაძე: რესტორატორები ფართებს ცლიან და იქ სურსათის და ხილ-ბოსტნის მაღაზიები იხსნება
“სამწუხაროდ ყოველი დღე, როდესაც რესტორანი ოპერირებას ვერ ახერხებს, იმის მანიშნებელია, რომ რესტორანი უბრალოდ გაკოტრდება და ვერასდროს გაიხსნება” - BMG-სთან საუბარში განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ლოქდაუნის ყოველი დღე რესტორნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, განსაკუთრებით მწვავე კი რესტორნების მიერ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საკითხია. მისი თქმით, იმ რესტორნების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ნაქირავებ ფართებში არის განთავსებული ლოქდაუნის შემდეგ ვეღარ გაიხსნებიან.
“მათ საიჯარო ხელშეკრულების შესრულების პრობლემა უდგათ, ხოლო თუ მეიჯარეები რესტორნებს შეღავათებს უკეთებენ ეს დიდხანს ვერ გასტანს, რადგან მეიჯარეებსაც მოიჯარეების მსგავსად ბევრი ფინანსური პრობლემა აქვთ.
რესტორატორები ფართებს ცლიან და იქ ან სასურსათო, ან ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები იხსნება. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც დღეს რესტორნების წინაშე დგას და გატანის სერვისით გაყიდვები ყველა ვალდებულების გადახდას ვერ უზრუნველყოფს.
95% რომელიც დღეს იჯარის ქვეშაა ამ რესტორნების დახურვა მოხდება. ვფიქრობ 90% რესტორნების ისევ ვერ გაიხსნება.” - განმარტა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, რესტორნების გახსნა რეგულაციების ფარგლებში უნდა მოხდეს.
“სახელმწიფომ რესტორნების გახსნა რეგულაციების ფარგლებში უნდა მოახდინოს. შემდგომ ყველა პასუხისმგებლობას ბიზნესი საკუთარ თავზე აიღებს.
2021 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი ცვლილების მომტანი ვერ იქნება. 2022 წლის გაზაფხულამდე პერსპექტივას ვერ ვხედავ.” - განაცხადა ბურჯანაძემ.
www.bm.ge