შოვის კურორტის განვითარებისთვის „სიმეტრია“ 60 მლნ დოლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს
უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ თანამშრომლობის გენერალური ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმა ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს.
ხელშეკრულების თანახმად, შოვის კურორტის განვითარებაზე „სიმეტრია“ იზრუნებს.
კურორტის ტერიტორიის 60%-ის კუთვნილება ქმნის საფუძველს კურორტის არა -დანაწევრებული, არამედ ერთიანი და სისტემური განვითარებისთვის. შოვის კურორტის გენერალური გეგმის მიხედვით, განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ახალ და უნიკალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას.
„სიმეტრია“ პირველ ეტაპზე ტერიტორიის საფუძვლიანად გამოკვლევას გეგმავს. კურორტი შოვი მოიცავს 16 უნიკალურ მინერალურ წყალს, განსაკუთრებულ ჰავას, სამი მწვერვალით გარშემორტყმულ ტერიტორიას და გამორჩეულ ბალნეოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს. სწორედ ამ ძლიერი მხარეების უკეთ წარმოსაჩენად იგეგმება ტერიტორიის შესწავლა, რაშიც ავსტრიელი და გერმანელი კონსულტანტები ჩაერთვებიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდგომ მომზადდება პროექტი საინვესტიციოდ და წინასწარი გათვლებით შოვის კურორტი დაახლოებით, 60 მილიონ აშშ დოლარის პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს.
„პროექტი თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით გახდება ახალი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც წლიურად მოიზიდავს 56 000-ზე მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუბარია,გურიის შემდეგ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონზე, რაჭაზე და ამ მიმართულებით დამსვენებლების ახალი ნაკადის მოზიდვა მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აცხადებენ კომპანიაში.
„სიმეტრია“ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, რეგიონში არსებულ ბიზნესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კურორტის განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობდეს.