ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შსს: დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე
05 ნოემბერი, 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

როგორც bm.ge-ის შს სამინისტროდან აცნობეს, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

გარდა ამისა, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და
დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.