ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუა საუკუნეების სარდაფები, თონე, კერამიკა - გუდიაშვილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიური ნარჩენები აღმოაჩინეს
18 ივნისი, 2018

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის "ახალი ტფილისი"ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, თიხის კერამიკული არტეფაქტები შუა საუკუნეებით დათარიღებული სამეურნეო ხაროები, თონე და სხვა არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.
საერაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით მიმდინარეობს.

„სასიამოვნოა, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება, რეაბილიტირებული შენობა-ნაგეობებით, რომლის უმეტესობა ისტორიული ძეგლია. სამუშაოების შესრულების დროს, მიწის ქვემოთ სარდაფებია აღმოჩენილი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ქალაქისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის გამოვიყენოთ. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თავად ქმნიან ღირსშესანიშნავ ადგილებს ტურისტების დასაინტერესებლად. ჩვენ კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვაქვს და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი ქალაქი კი რეგიონული ცენტრი იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების გაწმენდა; მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ; ასევე, სარდაფებისა და საძირკვლების გამაგრების სამუშაოები.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს.

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.