შუალედური შეფასება - დუალური პროფესიული განათლების პროგრამის “მევენახე-მეღვინე“ შედეგები
საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის “მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების შუალედური შეფასება.
ასოციაცია ქართული ღვინის ცნობით, პროგრამა დუალური მიდგომით 2016 წლის შემოდგომიდან ხორციელდება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“. პროგრამაში 11 ღვინის კომპანია არის ჩართული. სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია და უფასოა. პროფესიული პროგრამა მევენახეობის, მეღვინეობის, ადმინისტრირებისა (ბუღალტერია, ხარჯთაღრიცხვა, და სხვა) და ღვინის მარკეტინგის მოდულებს მოიცავს.
საგამოცდო საკითხები ორივე მიმართულებით (მევენახეობა-მეღვინეობა) დარგის ექსპერტებისა და პედაგოგების ერთობლივი მონაწილეობით შემუშავდა. საგამოცდო საკითხები ორივე კოლეჯისთვის იდენტური იყო.
პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ დავალებები მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. მათ სწავლის პროცესში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეესრულებინათ ყველა სამუშაო/ოპერაცია და ყურადღება მიექციათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციებისთვის.

საგამოცდო კომისიას წარმოადგენდნენ სასწავლო საწარმოს დირექტორები, კომპანიის ინსტრუქტორები, დარგის ექსპერტები და კოლეჯის პედაგოგები.
დუალური პროფესიული განათლების პროგრამის მიზანია ღვინის ინდუსტრიამ მიიღოს კვალიფიციური კადრები და ხელი შეუწყოს ამ დარგში ახალგაზრდების დასაქმებას.
შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, გამოცდაზე დამკვირვებლებად მიწვეულნი იყვნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ასოციაცია ქართული ღვინო-ს წარმომადგენლები.
დუალური პროფესიული განათლების პროგრამა დაინერგა და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.
www.travelingeorgia.ge