მეღვინეობა „შუმი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. წელს კომპანია ღვინოს ბრაზილიასა და ინდოეთში გაიტანს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნესპარტნიორს“ ,,შუმის“ დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბრაზილიასა და ინდოეთში ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია ეს ბაზრები მაღალ დონეზე იქნეს ათვისებული.
,,ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით 2023 წელს აქტიურად ვიმუშავეთ და ტენდენციას წელსაც ვაგრძელებთ. გასულ წელს ექსპორტი ტაილანდსა და ისლანდიაში განვახორციელეთ. პირველი კომპანია ვართ საქართველოში, რომელიც ტაილანდის ბაზარზე შევიდა. წელს უკვე ბრაზილიასა და ინდოეთში გავალთ. მოლაპარაკება მხარეებთან წარმატებით განხორციელდა და მცირე დეტალებია გასავლელი, რის შემდეგაც ახალი ბაზრების მიმართულებით გადაზიდვებს დავიწყებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ საექსპორტო არეალის გაფართოებას, ახალი, საინტერესო ბაზრები გვჭირდება, რაც ქართული ღვინოს ცნობადობას გაზრდის“, - აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
მისი ინფორმაციით, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობას ,,შუმი“ 2024 წელსაც გააგრძელებს.
გარდა ამისა, კომპანიაში იგეგმება ვენახების რაოდენობის ზრდა და ახალი იშვიათი ჯისების დამატება. აკაკი ცოფურაშვილის განცხადებით, 2023 წელს დასრულდა მუშაობა და ტურისტულ კომპლექსს საბანკეტო დარბაზი და ვერანდა დაემატა.
„შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 33-მდე ქვეყანაში გადის. ქართული ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი. ადგილობრივ ბაზარზე საერთო გაყიდვების 10-15% მოდის.
ცნობისთვის, კომპანია „შუმის“ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიისთვის ტრიუმფალური გამარჯვება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023-ზე წარდგენა, სადაც ,,შუმის“ ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.
bp.ge