ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუხმან ვაინ ბარი ქართულ გასტრონომიაში რევოლუციას ამზადებს
04 დეკემბერი, 2015

„შუხმან ვაინ ბარი" ახალი წლიდან მენიუს განახლებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი „კომერსანტთან" აცხადებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართულ გასტრონომიაში, იქნება ქართული სამზარეულოს ნამდვილი რევოლუცია. ნუცა აბრამიშვილის თქმით, „ვაინ ბარში" პარალელური  ავანგარდ-მოლეკულარული მენიუ შემოვა.

მოლეკულური სამზარეულო ესაა ახალი მიმართულება კულინარიაში, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კლასიკური სამზარეულოსგან არის კერძების მომზადება პროდუქტების სასარგებლო თვისებების მაქსიმალური შენარჩუნებით. ესაა სასარგებლო და დაბალკალორიული კერძების მიმართულება და მიიღწევა იმ ფიზიკური და ქიმიური პროცესების ცოდნით, რომლებიც პროდუქტის გადამუშავებისას მიმდინარეობს.

პროექტს ადგილობრივი მზარეულები და  გერმანიიდან მიშლენის ვარსკვლავის მზარეული ხელმძღვანელობს. აბრამიშვილი ამბობს, რომ „შუხმანის ბარი" ქმნის ინფრასტრუქტურას, რომ მიშლენის ვარსკვლავის ინსტიტუტისთვის ქართული სამზარეულო, მოლეკულარულ -ავანგარდული მიდგომებით იყოს საინტერესო. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებითვე, დღეს საქართველოში საზოგადოება არ არის ამ სიახლისთვის მზად, თუმცა თუ არ მოხდა შეთავაზება, მომხმარებელი ვერ გაიგებს მის მნიშვნელობას. ამას გარდა „ვაინ ბარის" მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, რომლებმაც კარგად იციან ასეთი მიდგომების ფასი. ნუცა აბრამიშვილი დასძენს, რომ „ვაინ ბარში „ ისევ იქნება ქართული ტრადიციული კერძები, რაც არის გასტრონომიული საგანძური, ახალი მენიუ კი ექსპერიმენტის დონეზე დაინერგება.

„შუხმან ვაინ ბარი" დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა. რესტორანი ცდილობს მიშლენის ვარსკვლავი მოიპოვოს, რაც რესტორნის ელიტარულობის, სტატუსისა და შემოსავლების უეცარ ზრდას ნიშნავს.  

მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნები მიშლენის წითელ გზამკვლევში შეაქვთ.

2006 წელს, ნიუ-იორკის გზამკვლევის გამოცემამდე, მიშლენი მხოლოდ ევროპას ფარავდა. მხოლოდ 2012 წელს გაფართოვდა აზიისკენ და გამოჩნდა იაპონური გზამკვლევები.

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.